საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთს თბილისში რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი რუსეთისთვის ბოდიშის მოსახდელად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადადგას“ – განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საშუალებას თუ ვერ გამონახავს, კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში მოხდა.
„თუკი ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლება საკუთარ თავში არ იპოვის ძალებს ამ პროცესების შესაჩერებლად, საქართველოს დაემუქრება ისეთივე ძვრები, როგორიც უკრაინაშია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, იქ შედეგები უფრო მძიმე შეიძლება იყოს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვუსურვებ ქართველ ხალხს“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი.