მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთის ოპერირების მსურველმა 50 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი აუქციონის წესით გაიცემა.
როგორც ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა განუცხადა, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა სანაოსნო კანიონის მოწყობაში გარკვეული ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტიციის ოდენობა 50 ათას დოლარამდე თანხით განისაზღვრა, რაც მონაკვეთის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას გულისხმობს.
”მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, ოღონდ იქ არის ინვესტიციის ჩადების მოთხოვნა. გამარჯვებულმა უნდა შეიძინოს ნავები, უსაფრთხოების ჟილეტები, მოაწესრიგოს რიგი და დანერგოს თანამედროვე სტანდარტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება” – განუცხადა ”ფორტუნას” მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ დადგენილება უკვე მიიღო და აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. გამარჯვებული სანაოსნო მონაკვეთის ოპერირების უფლებას 5 წლის ვადით მოიპოვებს, თუმცა, ხელშეკრულება სამ წელიწადში გადაიხედება და შემოწმდება, როგორ ასრულებს ოპერატორი ნაკისრ ვალდებულებებს.