საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა კონტრაქტს საკრედიტო – საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ კონტრაქტს სახელმწიფოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.