საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მისმა პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, გაახმოვანა.
მისი თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.
როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, იმის თაობაზე, რომ ორ მეგობარ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები, გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს.
„ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს არავის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა, ეს არის დადგენილი საზღვრები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება.
გარეჯის თემაზე ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების შეხვედრა აგვისტოში გაიმართება
დავით გარეჯში გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა