საქართველოს პოპულარიზებისთვის დანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ვიდეორგოლი მოამზადეს. ვიდეოს ავტორებმა ქ. კოპენჰაგენში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ჩაწერეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.
ვიდეორგოლში დანიის, აშშ-ის, იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები თბილისში, ბათუმში, ყაზბეგსა და სხვა რეგიონებში გატარებულ დღეებს იხსენებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც საქართველოს მონახულებას სხვებსაც ურჩევდნენ.
შეფასებებში ისინი ძირითადად ამბობენ, რომ საქართველო კომფორტული ქვეყანაა სამოგზაუროდ. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი სტუმარმასპინძლობა, კერძები, არქიტექტურა და ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია იწვევს.
“არასდროს ვყოფილვარ ისეთ ადგილას, როგორიც თბილისია…ეს იყო საოცრება, საუკეთესო ნაწილი მოგზაურობის კი იყო კერძები, შემიყვარდა ხაჭაპური, ხინკალი…ქართველები არავის გვანან…” – აცხადებენ ტურისტები ვიდეოში.
ისინი ამბობენ , რომ საქართველოში განსაკუთრებული შთაბეჭდილება და გამოცდილება მიიღეს, სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყნაში ჩამოსვლას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, რაც Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს.ჯგუფებში ქართველი მომხმარებლები წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვე არიან უცხოელებიც, რომლებიც უკვე სტუმრობდნენ საქართველოს და მადლიერების ნიშნად ჩვენთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. კამპანიას არაერთი ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანებიც შეურთდნენ.