ვისაც ეს კონფლიქტი და მისი შედეგები ნაც-ქოცური დაპირისპირების სიბრტყეზე დაჰყავს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში უგუნურია,– ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ლომჯარია გუგუტიანთკარში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
“რთული იყო დღეს თვალცრემლიანი ოჯახის დიასახლისის ყურება, რომელიც თვალს ადევნებდა ერთხელ უკვე გადამწვარ სახლს როგორ შლიდნენ ოჯახის მამაკაცი წევრები საკუთარი ხელებით აგურ-აგურ… ემშვიდობებოდა საკუთარი ეზოს ყურძენს, კაკალს, შინდს, ასკილს, რომელსაც 3 დღეში ვეღარ დაკრეფს…
ხოდა ვისაც ეს კონფლიქტი და მისი შედეგები ნაც-ქოცური დაპირისპირების სიბრტყეზე დაჰყავს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში უგუნურია. თუმცა, ახლახან გასული ფილმის “ავტორების” და “პროდიუსერების” შემთხვევაში მეეჭვება მხოლოდ “საუკეთესო შემთხვევასთან” გვქონდეს საქმე… სირცხვილია… და გრცხვენოდეთ!”– წერს ნინო ლომჯარია.
სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ ბისევს რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს.
ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.