LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონპროექტი, რომელიც მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი გარანტიების დაწესებას ითვალისწინებს, დამტკიცდა

84

მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობები დაიყოფიან. კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შემადგენლობების დაყოფა სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.

ამასთან, კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა და მაშველებს:

2016 წლის 1 სექტემბრიდან „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ; ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო; განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები; სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის

ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.

გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი – 500 ლარი გადაცემათ.

კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება, სამსახურიდან დათხოვნა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები