შრომითი უფლებების მიმართულებით, დღეს არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას პროცესები არ მიჰყავს იმ მიმართულებით, რომ შრომით ბაზარზე ვითარება მოკლე დროში შეიცვალოს უკეთესობისკენ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს.
“დღეის მდგომარეობით, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაა, განსაკუთრებით, ინდუსტრიულ ზონებში, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები და სიტუაცია იმდენად კრიტიკულ ზღვარზეა, რომ ხშირია ადგილზე დაშავების ა და გარდაცვალების შემთხვევები. ოფიციალური სტატისტიკით, 2011-15 წლებში, ობიექტებზე, 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 600-მდე დაშავდა. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და ჩვენ არ გვაქვს წვდომა არაოფიციალურ შემთხვევებზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უფრო მეტი იყოს” – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ.
სოციალური უფლებების იურისტი საუბრობს აღსრულების ეფექტური მექანიზმის აუცილებლობაზე. ანანო ცინცაბაძის თქმით, შრომითი ინსპექციის უფლებები უნდა გაიზარდოს, რათა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება შეესაქბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შრომითი ექსპლუატაციის მიმართულებით მომსახურების სფეროში. ჩვენი რეკომენდაციით, შრომით ინსპექციას სამუშაო ადგილებზე დაშვება უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად. დღეს არსებული მდგომარეობით, ბიზნესს აქვს უფლება გადაწყვიტოს, შემოწმდეს თუ არა ობიექტი. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის რეკომენდაციები არ არის შესასრულებალდ სავალდებულო და ბიზნესის კეთილ ნებაზე ვართ დამკიდებული, შეასრულებს თუ არა. ვფიქრობთ, შრომითი ინსპექციის რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო უნდა გახდეს. გარდა ამისა, ეს უწყება ზედაპირულად ამოწმებს დარღვევებს და არ უღრმავდება პრობლემებს” – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ/
ასოცირების ხელშეკრულება სრულად 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ერთერთი მიმართულება, სადაც საქართველომ ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საერთაშორისო სტანდარტები უნდა დაიცვას, შრომით უფლებებს ეხება.