LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო

77

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს,  პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის უკვე ათვისებულ ნავთობის საბადოზე შესაძლებელია 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზსაცავის მშენებლობა.

“აღნიშნულმა შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე, დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას და მის ანალიზს. მოპოვებული ინფორმაციისა და ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით მოხდება გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო პროექტის შემუშავება,”- განმარტეს კორპორაციაში.

გაზსაცავის განხორციელების აღნიშნული ფაზის საინჟინრო მომსახურების გასაწევად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შეარჩია ფრანგული სპეციალიზირებული საინჟინრო კომპანია „ჯეოსტოკი“, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ჭაბურღილების საბურღი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას კორპორაცია დამოუკიდებელი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს.

გაზსაცავის განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი – 2020 წლისთვის, იმ პერიოდისთვის იგეგმება, როდესაც საქართველოს მიერ „შაჰ-დენიზის“ გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება როგორც კორპორაციის შიდა წყაროებიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. აღნიშნულ საკითხზე კორპორაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად აგრეთვე განიხილება კორპორაციის მიერ ევრობლიგაციების განთავსება საფონდო ბირჟებზე,”- განაცხადეს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, ასევე მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსისა და პიკური მოხმარების პერიოდში ქვეყნის გარედან მომწოდებელი კომპანიების მიერ გაზის არასაკმარისი მოცულობის მოწოდების  გამო.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

 

magti 5g