LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია” – გახარიამ რეგიონული გასვლითი შეხვედრები დაიწყო

200
გახო

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული გასვლითი შეხვედრები დღეს გორიდან დაიწყო. ის უკვე ესაუბრა სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს. მანამდე კი პედაგოგებსაც მოუსმინა. შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

“ჩვენი მომავალი თაობა და განათლების და პედაგოგის ყველაზე შინაარსობრივი ფუნქცია აქ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდნენ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და ყველაზე თვალსაჩინო და საჭირო ფასეულობების მიმართ. ამ ბალანსში არის თქვენი ყველაზე დიდი ფუნქცია და ყველაზე დიდი მისია,” – აცხადებს გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაური ქალაქში სპორტსმენებსაც შეხვდა და მათ სფეროში არსებული პრობლემებიც მოისმინა. გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ყურადღება ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე გაამახვილა.

” თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში – საოკუპაციო ხაზთან. დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით.

სპორტი, განსაკუთრებით ამ რეგიონში, თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა და კომპონენტია, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით. დღეს ქვეყნისთვის, ჩემი დილეტანტის, არაპროფესიონალის დაკვირვებაა, რომ ინდივიდუალურ სახეობებში ჩვენი ბუნებით, კულტურით, ასე თუ ისე ნორმალურად მივდივართ, გუნდურ სახეობებში გვიჭირს, რაც კიდევ უფრო მეტს აჩვენებს იმას, რომ მასობრივი სპორტი არის ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გარდა ამისა, პრემიერმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის გარანტიაა.

როგორც გიორგი გახარია მეწარმეებთან შეხვედრისას აღნიშნავს, სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას გლეხს, რომ ის გაძლიერდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია.ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები, გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ ჩემს თავს მე თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა მიეხმაროს ამ ადამიანს, რომ ცოტა გაძლიერდეს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობელი უნდა დაასაქმოს და ასე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და დამატებითი სამუშაო ადგილები ასე უნდა იქმნებოდეს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბაღები გავაშენოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ პირველ რიგში ღირსეულად, შემდგომ ჩვენი სოფლები, ქალაქები და ჩვენი ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ თქვენ ამაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური პირობას დებს, რომ  რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება, წინსვლა და წარმატება.

,,ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი – ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“ – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს, შიდა ქართლში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას.

magti 5g