სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ წ. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა”