LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უწყლოდ ავტო-რეცხვის სერვისი დაინერგება

104

საქართველოში უწყლოდ ავტო-რეცხვის სერვისი დაინერგება. როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული ბიზნეს-იდეის შემქმნელმა, ირაკლი ბლიაძემ განუცხადა, ქართულ ბაზარზე ავტომობილების ამ მეთოდით რეცხვა ინოვაციაა და ის სპეციალური ხსნარით განხორციელდება.

”ვფიქრობ,   2 კვირაში ბიზნესმა მუშაობა უკვე უნდა დაიწყოს. ველოდები თანხის მიღებას, რომელიც სახელმწიფო პროექტ ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გამარჯვებისთვის მოვიპოვე. ამ დაფინანსებით შევიძენ აპარატურას და ჩამოვიტან ხსნარებს, რომლითაც ავტომობილები გაირეცხება”, – აღნიშნა ბლიაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწყლოდ ავტო-რეცხვის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ავტომფლობელებს მანქანის რეცხვა გაუადვილდეთ. ”ვაპირებ, დავასაქმო უამრავი კადრი, ძირითადად სტუდენტები. ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ინტერნეტის საშუალებით, მობილური აპლიკაციით, ან უბრალოდ სატელეფონო ზარით, გამოიძახოს ავტომრეცხავი, რომელიც მას ნებისმიერ ადგილას მიაკითხავს და ავტომობილს გაურეცხავს”, – განმარტა სტარტაპის შემქმნელმა.

როგორც ირაკლი ბლიაძემ აღნიშნა,  უწყლოდ ავტო-რეცხვის სერვისის მისაღებად სპეციალური ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია უკვე მზადდება, რომლებიც ექსპლუატაციაში  მალე გაეშვება. რაც შეეხება, ავტომობილის გარეცხვისთვის საჭირო ხსნარს, ის ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება და მისი იმპორტი უკრაინიდან ხორციელდება. სტარტაპის შემქმნელი სამომავლოდ გასარეცხი ხსნარების წარმოების დაწყებასაც გეგმავს და ამისთვის კონსულტაციებს ქიმიკოსებთან გადის.

რაც შეეხება, უწყლოდ ავტო-რეცხვის ღირებულებას, ბლიაძის განმარტებით, ფასები საშუალოდ 10 ლარის ფარგლებში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g