“აზიის განვითარების ბანკმა” “ბაზისბანკს” საქართველოში ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად, TFP პროგრამის ფარგლებში 3 მილიონი დოლარის მოცულობის საგარანტიო ხაზი გამოუყო.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოვებს საქმიანობას ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.
მათივე ცნობით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას , გახდეს სავაჭრო დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. ვაჭრობის მოცულობის გაზრდით საქართველოს საბანკო სფერო მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
„მოხარულნი ვართ, რომ ”ბაზისბანკი” ჩაერთო ჩვენს პროგრამაში. ეს თანამშრომლობა მხარს დაუჭერს ვაჭრობის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველში“,- განაცხადა ”აზიის განვითარების ბანკის” წარმომადგენელმა სტივენ ბეკმა.
აღსანიშნავია, რომ ”ბაზისბანკი” არის საქართველოში მესამე ბანკი, რომელთანაც ”აზიის განვითარების ბანკმა” TFP პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო.
„ჩვენთვის დიდი პატივია ”აზიის განვითარების ბანკთან” თანამშრომლობა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების გაძლიერებას საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. იმედს ვიტოვებთ, რომ ”ბაზისბანკისა” და ”აზიის განვითარების ბანკის” თანამშრომლობა გაგარძელდება სხვა მიმართულებებითაც, “ – აღნიშნა ”ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.