,,აზროვნების აკადემია” ფსიქიატრი რეზო კორინთელის ძალიან საინტერესო ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს, სადაც ფიქიატრი აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
რეზო კორინთელი საინტერესო რეკომენდაციებს არა მარტო მშობლებს, არამედ პედაგოგებსაც აძლევს:
,,თავისუფლებას, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, წესებისგან თავისუფლებად და აღვირახსნილობად გავიაზრებთ ხოლმე. ბავშვს, როცა საჭიროა, უნდა აუკრძალო. დოლტო – ფრანგული სკოლის წარმომადგენელი – წერდა, რომ აკრძალვა ბავშვს ზრდის, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს საზრისი, თუ რატომ უკრძალავ. უნდა აუხსნა, უთხრა, რომ ეს არ შეიძლება. კათოლიკურ ტაძარში ბავშვებს რომ დააკვირდე, ძალიან მორიდებულად იქცევიან, არავინ შეგეჯახება; ჩვენში პირიქით – გაგწევენ, არ მოგერიდებიან, იმიტომ, რომ იქვეა დედა, რომელიც გამოხატავს დამოკიდებულებას – „არა უშავს, დაეჯახა. მერე რა მოხდა? მოდი, გენაცვალე…“ წესრიგს არ ასწავლის. ანუ, ჩვენთან მამა დასუსტებულია. მამას მოაქვს წესრიგი.
თეთრ სახლთან ბავშვები პიონერებივით დგანან, პედაგოგს ისინი თეთრ სახლში შეჰყავს და უხსნის: „მოდით, ბავშვებო, აქ იჯდა ლინკოლნი.“ ისინი ძლიერი მამები იყვნენ, ვის წასცდება მათზე რამე?“ ქვეყნის კონსტიტუციას არ ცვლიან, რადგან იგი ხელშეუხებელია. ეს არის წესრიგი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს; ჩვენ წესებს არ ვემორჩილებით.
თუ პედაგოგი საკუთარ თავს ფლობს, მისი ეს მდგომარეობა ბავშვზეც აისახება. ბავშვი გრძნობს, როცა პედაგოგი სამართლიანია და მას თვალებჩამქრალი არ უყურებს; და თუ პედაგოგი ანთებულია, ბავშვიც აინთება. ნახეთ, ერთი პედაგოგი რას ამბობს: „ხომ იცით, დღეს როგორი დროა? ყველაფერს ფული წყვეტს!“ წარმოიდგინეთ, ასეთი მასწავლებელი რა განწყობას ქმნის! ასეთსავე განწყობას ამკვიდრებს მშობელიც, რომელიც, შესაძლოა, სიტყვიერად არ გამოხატავს, მაგრამ ქცევით ამჟღავნებს: „აჰა, შენ მანქანა!“
ჩემი ნათესავი გერმანიაში სწავლობდა და მომიყვა, რომ იქაური ოლიგარქების შვილები ძვირადღირებული მანქანით მისულან კლუბში. კლუბის უფროსმა დაიბარა ისინი და გააფრთხილა, რომ იქ აღარ მისულიყვნენ. აუხსნა და განუმარტა, რომ „ლექსუსით“ მისვლა ცუდ ტონად ითვლება და მათ კარიერაზეც უარყოფითად აისახებოდა. რატომ შეიძლებოდა ეს ეთქვა გერმანელს? იგი ფიქრობს: „ბავშვს რატომ უნდა ჰქონდეს ლექსუსი? ამით ანებივრებ, უბიძგებ რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო მოქალაქედ კი არ ჩამოყალიბდეს, არამედ იცხოვრობს პრინციპით – „მომეცი, რა!“ ეს პრინციპი შემდეგ ყველაფერზე ვრცელდება – გრანტი იქნება თუ სხვა რამ. როცა მცირეწლოვანი ადამიანი ასეთი ძვირფასი მანქანით დადიხარ – ესე იგი მაფიოზის შვილი ხარ! სხვა შემთხვევაში, საკუთარი შრომით შეძენილ ნივთს რატომ აძლევ შვილს? ამის უკან დგას წარმოდგენა, რომ „მე ვარ აქ ყველაფერი! შენი მასწავლებელი ვინ არის! მე გაგიკეთებ ყველაფერს!“ ოღონდ რის სანაცვლოდ? რა თქმა უნდა, მორჩილების ფასად”