ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე შეკრებილი და დაშლილი აქციების, პიკეტირებული და “დაბოქლომებული” პარლამენტის შენობის და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართა. სახელმწიფო დაწესებულებაში დეპუტატებს შესვლისთვის სპეცრაზმის დახმარება კი დასჭირდათ, მაგრამ შენობაში შესულებმა ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ თავისი ფეხით მივიდნენ პარლამენტში და მათ ხელი არავის არ შეუშლია.
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე პარლამენტში თანამდებობების გადანაწილება მიმდინარეობს, რომელსაც პროტესტის ნიშნად არც ოპოზიცია ესწრება და არც თავისუფალი დეპუტატების ნაწილი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის და როგორც ოპოზიციამ “ნასუფრალის გადანაწილების პროცესი უწოდა”, მოხდა რამდენიმე დეპუტატის დაწინაურება.
გაერთიანებული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ მოწყობილი აქცია დესტრუქციულად და უნიათოდ შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებენ რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პარტიებს და ეს ორი ძალა ერთმანეთის მხარდამხარ იდგა. ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს ალბათ, დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დაუჭამიათ ერთმანეთი ნაციონალებს – ირაკლი კობახიძე (ვიდეო)
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ არც ახლა და არც მომავალი მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ვერ იხილავს. ამიტომ, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” პარლამენტს, დღევანდელი სხდომის, მათთვის მშვიდ გარემოში ჩასატარებლად, კანონპროექტების განხილვა შეჯამებაში და თანაგუნდელების დაწინაურებაში, ოპოზიციის დეპუტატებს დარბაზში ხელი არ შეუშლიათ.
დაიწყო მარგინალიზებული და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება. იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არცერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება მომავალ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიები”, – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.