LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც სექტემბერში გაძვირდა

122

2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით“ შემავალი პროდუქტების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე „რძე, ყველი და კვერცხის“ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდამაც.

მთლიანი ინფლაციის მსგავსად, შემცირდა საბაზო ინფლაციის ზრდაც, რომელზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილების ტემპი 1.5 პროცენტს შეადგენდა.

2016 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა.

ფასების წლიური კლება კვლავ გაგრძელდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა დიზელის საწვავი და ბენზინი.

სექტემბერში აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები შესაბამისად, 14.3 პროცენტით და 14.7 პროცენტით შემცირდა და ამ შემცირების გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.7 პროცენტული პუნქტია.

ინფლაციის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი კარტოფილის (კლება 30 პროცენტი), მოუხდელი ყველისა (კლება 7 პროცენტი) და მეორადი მოხმარების მსუბუქ ავტომობილებზე (კლება 21 პროცენტი;) ფასების მკვეთრმა კლებამ შეიტანა.

2015 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადის მატების გამო, ფასები საგრძნობლად მატულობს.

საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციაზე ყველაზე მეტად კვლავაც „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოქმედებს.

ამჯერად, აღნიშნული ჯგუფის ფასები 11.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის საერთო დონეში ჯგუფის წვლილი 0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. სურსათზე ფასების საერთო დონე 0.1 პროცენტით შემცირდა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (15.0 პროცენტი). ამის მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდაა. საპირისპიროდ, სურსათის ფასების საერთო დონეზე მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით მოქმედებდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ჯგუფში შემავალი კვების პროდუქტების ფასების ცვლილება (-8.9 პროცენტი).

სექტემბერში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 3.6 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, 4.8 პროცენტი, „სასტუმროები, კაფეები და რესტორნები“ ჯგუფის საქონელსა და მომსახურებაზე დაფიქსირდა.

1.2 პროცენტიანი ინფლაცია დაფიქსირდა „ჯანმრთელობის დაცვის“ კატეგორიაში, რაც წინა თვეებთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია.

საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპი დაფიქსირდა ასევე კავშირგაბმულობის სფეროში. საანგარიშო თვეში, წლიურ დონეზე ფასების კლებას ადგილი ჰქონდა „ტრანსპორტისა“ და „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ სასაქონლო ჯგუფებში, სადაც წლიურმა დეფლაციამ შესაბამისად, 7.8 პროცენტი და 4.3 პროცენტი შეადგინა.

ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.1 პროცენტით შემცირდა.

იმპორტირებული ინფლაციის კლება საწვავზე წლიურად ფასების კლების შედეგია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ სხვა იმპორტირებული საქონლის ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. უკვე მიმდინარე წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ იმპორტირებულმა ინფლაციამ მოიკლო. ამავე დროს, ადგილობრივი საქონლის ინფლაცია 1.6 პროცენტი იყო. ფასები 1 პროცენტით შემცირდა ვაჭრობად საქონელზე. ინფლაციამ 1.2 პროცენტი შეადგინა არავაჭრობად საქონელზე.

საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები თითქმის არ შეცვლილა. საანგარიშო თვეში მომსახურების ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა. საქონლის სხვადასხვა ხანგრძლივობის მოხმარების მიხედვით წლიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგია: საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა. წინა წლის სექტემბრის თვესთან მიმართებაში, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების ხანგრძლივობის საქონელი შესაბამისად 2 და 6.4 პროცენტით გაიაფდა. გაწეულ მომსახურებაზე წლიური ინფლაცია კი 2.8 პროცენტს შეადგენს.

 

 

magti 5g