მთელს მსოფლიოში, შანხაიდან ჩიკაგომდე, მშობლები სიამაყით აზიარებენ ხოლმე სოციალურ ქსელებში საკუთარი შვილების სურათებს.
როგორც კვლევის შედეგად კომანიამ Nominet აღმოაჩინა, საშუალოსტატისტიკური ბრიტანელი მშობელი ბავშვის ცხოვრების 5 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მის 1498 სურათს აზიარებს.
„ბიბისი“ წერს, რომ მშობლები ფოტოებით ამაყობენ, თუმცა არავინ ფიქრობს, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მოეწონება თუ არა, რომ მისი მთელი ბავშვობა ყველასთვის საჯარო იყო.
თანაც, უკვე უახლოვდება სრულწლოვან ასაკს ის თაობა, რომლების მშობლებიც სოციალური ქსელების „აფეთქებაში“ მონაწილეობენ.
„როდესაც 12 -13 წლის ვიყავი, გავიაზრე, რომ „ფეისბუქი“ უხერხულობას მიქმნიდა,“ – ამბობს 16 წლის ნიუკასლელი გოგონა ლუსი, რომლის მამაც სოციალურ ქსელებში შვილის სურათებს 7 წლის ასაკიდან აქვეყნებდა.
„ვთხოვე, წაეშალა ეს ფოტოები და წაშალა კიდეც, თუმცა ვერაფრით მიხვდა, რატომ არ მინდოდა ჩემი სურათები საჯარო ყოფილიყო,“ – ამბობს ლუსი.
ისინიც კი, ვისაც ბავშვობაში საკუთარი სურათების სოციალურ ქსელებში ნახვა მოსწონდათ, ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, სულაც არ იყოს კარგი იდეა.
20 წლის ლონდონელი დანა ჰერლი ამბობს, რომ 11 წლის ასაკში მოსწონდა, მშობლები მის სურათებს „ფეისბუქზე“ რომ აქვეყნებდნენ.
„ძალიან მომწონდა ყურადღება, თუმცა ახლა ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ ჩემი სურათები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ერთგვარ დაკვირვების ობიეტად ვიყავი ქცეული.”
როგორც ფსიქოლოგმა არტურ კესიდიმ, რომელიც სოციალურ ქსელებზეა სპეციალიზებული, „ბიბისისთან“ აღნიშნა, მშობლები ვერ იაზრებენ, რომ სოციალურ ქსელებში შვილების ფოტოებისა და ვიდეოების განთავსებით ბავშვებს უქმნიან იმიჯს, რომელიც, შესაძლოა, მათ სულაც არ მოეწონოთ.
„ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, აქვთ თუ არა მშობლებს უფლება, აკონტროლონ საკუთარი შვილის პიროვნება. ისინი მიიჩნევენ, რომ რათგან შვილი მათია, შეუძლიათ, ისარგებლონ ბავშვების ფოტოებით, როგორც სურთ”.