LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქნებ იმ პატარა შანსმა გაამართლოს, რომელიც ექიმებმა მოგვცეს” – ანიტას დედა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

6487
81855635-495291051369419-123482405704040448-n

ანიტა ფაცაციას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ყველას ახალ წელს ულოცავს და შვილის მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ახალ ინფორმაციას.

როგორც მარიკო სადრაძე წერს, არსებობს სულ მცირე შანსი იმისა, რომ ანიტა მდგომარეობიდან გამოიყვანონ ​თერაპიული მკურნალობით. ხოლო თუ ეს არ გაამართლებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხელოვნური გულის, ან პირდაპირ გულის გადანერგვა გახდეს საჭირო.

“კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველაფერს ერთად. ბედნიერი ყოფილიყოს 2020 წელი სრულიად საქართველოსთვის.რადგანაც ამ ჯგუფის წევრები ჩემს მეორე ოჯახად იქეცით, თავს ვალდებულად ვთვლი პირადად აგიხსნათ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. თანაც ვიცი, როგორ ელოდებით ყველა სიახლეს.

ევროპაში გვითხრეს, რომ ტრანსპლანტაციის გარდა გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ ინდოეთში წამოვედით პირდაპირ გულის გადასანერგად. თუმცა, დონორის ლოდინის პერიოდში, თუკი სიტუაცია დამძიმდება, საჭირო ხდება ხელოვნური გულის გადანერგვა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს მშვიდად დაელოდოს რიგს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით რა თანხებან იყო დაკავშირებული ფრენა, აპარატის ჩადგმა, გულის გადანერგვა, მაგრამ ინდოეთში ჩასულს ცოტა სხვა ვითარება დაგვხვდა.

ანიტას აქაურმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ არსებობს სულ სულ მცირე შანსი იმისა, რომ ანიტა მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ თერაპიული მკურნალობით (ანუ მხოლოდ წამლებით). თუ ეს არ გაამართლებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხელოვნური გულის ან პირდაპირ გულის გადანერგვა გახდეს საჭირო. ჩემთვის, როგორც დედისთვის ეს მცირედი შანსიც ბევრს ნიშნავს, მაგრამ უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გადანერგვა მაინც გახდება საჭირო.

მთავარი კი ისაა, რომ გულის გადანერგვით ჩვენი პრობლემა არ სრულდება. გულგადანერგილი პაციენტი საჭიროებს მთელი ცხოვრება ძალიან ძვირადღირებულ რეაბილიტაციას, რამდენიმე თვეში ერთხელ საზღვარგარეთ კონტროლზე სიარულს და რაც მთავარია, გადანერგილი გული არ არის სამუდამო და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, განმეორებითი გადანერგვა ხდება საჭირო, ამიტომაც ვოცნებობთ ამ ოპერაციის თავიდან არიდებაზე, რამდენად გამოგვივა, ეს მხოლოდ უფალმა იცის.

ამ ეტაპზე მივყვებით ნელ-ნელა ექიმების რჩევებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუკი ოპერაციის შემთხვევაში წარმოდგენა გვქონდა რა თანხებთან გვექნებოდა შეხება, ახლა არც კი ვიცით რა დაჯდება ეს ყველაფერი.გვერდით გვიდგას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი, რომელიც სასწაულებს ახდენს ჩვენთვის და მისი აქაური მეგობრებისაგან მუდმივ თანადგომასა და დიდ დაფასებას ვგრძნობთ ყოველდღიურად.
ხშირად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები ანიტას მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამიტომ გთხოვთ, ენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯგუფს. მისი დაავადება არის ძალიან ვერაგი და არაპროგნოზირებადი. შეიძლება დღეს უკეთ იყოს, ხვალ უარესად და ასე ხშირ-ხშირად შეიცვალოს ვითარება, ამიტომაც ხან გახარებთ, ხან განერვიულებთ.

ამ ეტაპზე ანიტას უგრძელდება მაღალი სიცხეები, რასაც ფილტვებში ჩამდგარ წყალს უკავშირებენ ექიმები. 10 დღიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, სიცხე უკან არ იხევს, რის გამოც ჩვენი პაწია გოგო ძალიან წვალობს, თუმცა ცდილობს მაინც მაგრად ეჭიროს თავი და ამ საღამოს საწოლიდან მღეროდა.
თავს ვიმშვიდებ იმით, რომ ახლა ვართ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი საშუალებაა ამ დაავადების სამართავად. უფლის წყალობითა და თქვენი ლოცვით, საუკეთესო გამოსავლით გამოვძვრებით, მაგრამ მდგომარეობა რომც დამძიმდეს, აქვთ უამრავი სხვადასხვა მექანიზმი და აპარატი, რომლითაც შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. ჩვენ კი მანამდე ვილოცოთ, რომ იქნებ იმ პატარა შანსმა გაამართლოს, რომელიც ექიმებმა მოგვცეს”- წერს მარიკო სადრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g