ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სასწრაფოს ექიმებს აკისრებენ, და ამბობენ, რომ მათ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი საავადმყოფოში პირველ ეტაპზე არ გადაიყვანეს, ხოლო შემდგომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
“პირველის წუთები იყო, როცა სასწრაფო გამოვიძახეთ. გული აწუხებდა, კუჭიც ტკიოდა. როდესაც სასწრაფო მოვიდა, გვითხრეს ბევრი სითხეები მიიღოსო. სითხეები რას უშველიდა, 40 ჰქონდა სიცხე. უთხრეს შენ დასაწვენი არ ხარო. დედაჩემი რო დაეწვინათ ეხლა ხო ცოცხალი მეყოლებოდა, აღარ დავრჩებოდი ობოლი. პირველად რომ წაეყვანათ, გადარჩებოდა”, – ყვება გარდაცვლილი ქალის შვილი.
სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებდა. უცნობია, რომელი ტიპის ვირუსით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.