LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – არჩევნების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა გაუმჯობესდა

66

არჩევნების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგი გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა, კვლავ არსებობს კითხვები საქმის განხილვის მექანიზმების თანმიმდევრულობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რიგი უწყებების მიერ კონსტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა საარჩევნო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ანგარიშში აღნიშნულია ასევე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა და ნათქვამია, რომ კომისიამ რამდენიმე კონსტრუქციული ხასიათის რეკომენდაცია გამოსცა, თუმცა ამ უწყების შესაძლებლობა, შეასრულოს ნდობის აღმდგენი მექანიზმის როლი, მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია მისი პროცედურების სიცხადის ნაკლებობით და რეკომენდაციების აღსრულების უფლებამოსილების არქონით.

„არჩევნების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგი გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები საქმის განხილვის მექანიზმების თანამიმდევრულობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. უწყებათაშორისმა კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეეკავებინათ ოპონენტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე გამოჩენისა ან მათი კამპანიის მასალების ხელყოფისაგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) რამდენიმე ბრძანება გამოსცა, რომელმაც პოლიციის სხვადასხვა ძალები ყველა რეგიონში ტერიტორიულ ჯგუფებად გააერთიანა, რამაც ხელი შეუწყო უკეთეს კოორდინაციას; ძალადობის პოტენციური რისკების შეფასებას და მონიტორინგს; და განსაზღვრა პოლიციის ჩარევის აუცილებლობის საფუძვლები კენჭისყრის დასრულებიდან ხმების დათვლის პროცესის დასრულებამდე.11 20 სექტემბერს შსს-მ და ცესკომ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ეხებოდა კენჭისყრისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას. საქართველოს ისტორიაში პირველად შსს-მ და ცესკომ სამართალდამცავებისთვის ასევე ჩაატარეს ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს კონსტრუქციული ინიციატივები იყო.
11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბრძანება #512, 9 სექტემბერი, 2016; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბრძანება #584, 20 ოქტომბერი, 2016

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებლები საუბრობდნენ ხშირად გაჭიანურებული გამოძიების, საქმეების შერჩევითი გამოძიების, წინასწარი პატიმრობის არათანმიმდევრული გამოყენების,
მოსამართლეებზე ზეწოლის და სანქციების არათანაბარი გამოყენების შესახებ. მაისში კორცხელში შუალედურ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევებზე სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტებთან – მათ შორის ჯიხაშკარსა და ქუთაისში მომხდარ არეულობასთან – დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე პირს წაეყენა ბრალი.

საერთაშორისო დამკვირვებელზე თავდასხმის შესახებ აღძრული საქმე, რომელსაც საია წარმოადგენს, ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაზეა. ზუგდიდსა და მარნეულში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მსგავსი მუხლებით მიმდინარეობს – არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლა, თუმცა ზუგდიდის შემთხვევაში წაყენებული ბრალი უფრო მკაცრია, რადგან ძალადობის ფაქტებსაც მოიცავს. ზუგდიდში ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების სამი მხარდამჭერი დააკავეს, რომელთაგან ერთი გირაოთი გაუშვეს; ხოლო მარნეულში ეჭვმიტანილები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ექვსი მხარდამჭერია, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. აღკვეთის განსხვავებულმა ღონისძიებებმა არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილება გააჩინა – განსაკუთრებით, ოპოზიციურ პარტიებში. დამკვირვებლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე აღნიშნეს, რომ, მიუხედავად მათი თხოვნისა, ზოგიერთ ოლქში პოლიციის რეაგირება ნელი ან არაადეკვატური იყო, განსაკუთრებით იქ, სადაც ოპოზიცია იყო კონკურენტუნარიანი. ამასვე ადასტურებს ჯიხაშკარში საერთაშორისო დამკვირვებლის საჩივარიც, რომლიც თანახმად მასზე თავდასხმის დროს პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ არ ჩაერია. მომავალი არჩევნების მიმართ ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომ გამოავლინონ, რომ მათ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებზე დროული, მიუკერძოებელი და ეფექტური რეაგირება შეუძლიათ.

უწყებათაშორისი კომისია საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო დარღვევების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიქმნა. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კომისიის სხდომებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი ინფორმაციის გაზიარება შეეძლო. კომისიამ რამდენიმე კონსტრუქციული ხასიათის რეკომენდაცია გამოსცა, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. თუმცა ამ უწყების შესაძლებლობა, შეასრულოს ნდობის აღმდგენი მექანიზმის როლი, მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია მისი პროცედურების სიცხადის ნაკლებობით და რეკომენდაციების აღსრულების უფლებამოსილების არქონით”,-ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც:
● საარჩევნო საჩივრების განხილვაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლომ დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იმოქმედოს და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს.
● თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ (უწყებათაშორისი კომისია) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს და საჯარო გახადოს თავისი მანდატი და პროცედურები; შექმნას დარღვევებსა და ძალადობის ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი; და შეიმუშავოს გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარების მეთოდი.
● პარტიებმა და კანდიდატებმა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებით, საკუთარ საჩივრებს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაურთონ და შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოითხოვონ საკუთარი საჩივრების დაკმაყოფილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g