ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. 15 დეკემებრს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აინთება მთავარი ნაძვის ხე და ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციები, დედაქალაქში 30-მდე ქუჩა განათდება. საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 2 იანვრამდე გაგრძელდება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება და 9 დღით დედაენის ბაღი საახალწლო ქალაქად გადაიქცევა.
მერიის ცნობით, ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. პარკი საახალწლო დეკორაციით გაფორმდება. ჯადოსნურ ქალაქში განთავსდება დეკორატიული სათამაშოები, ყვავილების ხეივანი და მექანიკური თოჯინები.
საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება. 25 დეკემბერს ჯადოსნურ ქალაქს ვახტანგ კახიძის კონცერტი გახსნის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი საახალწლო წარმოდგენას გამართავს. მოეწყობა ჰიპ ჰოპ ლაივ კონცერტი. ქალაქის სტუმრებისთვის საგანგებო პროგრამას ამზადებს ჯგუფი SALIO. საღამოობით საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის ქართველი DJ-ები დაუკრავენ.
დედაენის ბაღში მოეწყობა არტ სივრცე, სადაც სხვადასხვა ინსტალაცია განთავსდება. საგანგებოდ საახალწლო ქალაქისთვის ნინო ჩუბინიშვილი ფერად ანგელოზებს დაამზადებს, რომლითაც პარკი მოირთვება. პარკში განთავსდება შუშის ბლოკებისგან დამზადებული სკამები, რომლებიც შიგნიდან სხვადასხვაფერის დიოდით განათდება. საგანგებოდ მოწყობილ თაბაშირის კანიონზე პროექციები მოეწყობა. საგანგებოდ დედაენის ბაღისთვის, ლია ბაგრატიონი თიხის ნაძვის ხეს დაამზადებს. 25 დეკემბერს პარკში საშობაო გამოფენა გაყიდვა მოეწყობა. ცნობილი ქართველი დიზაინერები და არტისტები ხელნაკეთ საშობაო სუვენირებს გამოფენენ, რომლებიც სიმბოლურ ფასად გაიყიდება.
გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. დედაენის ბაღში მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საახალწლო ქალაქის პრიორიტეტი ექსტრემალური სპორტი იქნება.
„ახალ ტფილისში“ საახალწლოდ დამონტაჟდება დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა კლაუსი იქნება. მატარებლის თითოეულ ვაგონს საახალწლო საჩუქრის ფორმა ექნება, შიგნით კი საახალწლო ბაზრობის დახლები მოეწყობა.
ახალი აღმაშენებლის ერთ-ერთ ეზოში მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია და პერფორმანსი გაიმართება, ჰაერბურთების განათდება ვიდეოპროექციით. მოეწყობა არტისტების ნამუშევრების მარკეტი. გიორგი ქათამაძის ჩრდილების თეატრი კი რამდენიმე პერფორმანსს გამართავს. ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საახალწლო სიმღერები გაჟღერდება. მოეწყობა საგანგებო სივრცე საფეხმავლო ქუჩის მცირეწლოვანი სტუმრებისთვისაც.
საახალწლო ღონისძიებების კულმინაცია გალა კონცერტი იქნება, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება. პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ დღისთვის, საახალწლო თემატიკაზე ცნობილი კომპოზიტორები შექმნიან სიმღერებს. კონცერტზე გაჟღერდება 30-მდე, რომლის შექმნაზეც ქართველი კომპოზიტორები, მუსიკოსები, არანჟირების ავტორები პოეტები თუ მომღერლები ერთობლივად მუშაობენ. სტუმრები 2017 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებებიან, წელს მრავალჟამიერს 200-მდე ბავშვი სეასრულებს.
2,3,4 იანვარს, სპორტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის კონცერტები მოეწყობა. სამი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, სტუდია ბზიკების საბავშვო კონცერტები მოეწყობა. 2 იანვარს, კონცერტს სოციალურად დაუცველი ბავშვები უფასოდ დაესწრებიან, თოვლის ბაბუა კი მათ საჩუქრებს გადასცემს.
გვანცა ბზიავა