LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო გაბედნიერებს: რადიო კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებად რჩება

275

რადიო ყველაზე ხელმისაწვდომი მედიუმია ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოცდილი მარკეტოლოგები მიიჩნევენ, რომ რადიო არის და ყოველთვის იქნება მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის პლატფორმა კომერციულ მედიაში. ხალხს შეუძლია ინტერაქციაში იყოს რჩეულ რადიოსადგურთან სხვადასხვა პორტალების მეშვეობით მობილური ტელეფონის, ტექსტური მესიჯის, ვებგვერდის, ტელეფონის, საზოგადოებრივი ღონისძიების და სოციალური მედიის მეშვეობით. ეს არის საზოგადოება, რომელიც ღიაა კვირის ყველა დღეს, 24 საათის განმავლობაში უწყვეტი უახლესი კონტენტით. „როცა რადიო ლაპარაკობს, ხალხი რეაგირებს“, – ამბობენ ისინი.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად მაღალია სანდოობის მაჩვენებელი საქართველოში ჩატარებული კვლევების მიმართ.
„სამწუხაროდ საქართველოში 10-15 წელია ისე ჩამოყალიბდა, რომ თუ რომელიმე დამკვეთს ან არა დამკვეთს ან ირიბად დაინტერესებულ პოირს არ მოსწონს შედეგი, ის ყოვლთვის აპელირებს, თითქოს კვლევა არასწორად ჩატარდა, რაც თავის მხრივ ნონსენსია, რადგან არც ერთ კვლევით ორგანიზაციას არ აქვს დაინტერესება, ვიღაცის სასარგებლოდ გადახაროს შედეგი. შესაბამისად, მართალია კვლევა კეთდება წესების და ნორმების დაცვით, მაგრამ შედეგები ყოველთვის არ გამოდის ისეთი, როგორიც ყველასათვის მისაღები იქნება. ეს ფაქტორი არ შეიძლება გახდეს ვინმეს მხრიდან მანიპულირების მიზეზი, რომ კვლევის დროს რაღაც არასწორად გაკეთდა“, – განაცხადა TNS – Market Intelligence Caucasus დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში სოციალურ მედიას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ აქტიურად პოზიციონირებს საკუთარი, ოთხი რადიოსადგურის ვებგვერდების მეშვეობით სოციალური მედიის ბაზარზე, დავინტერესდით, რამდენად ასახავს სოციალური ქსელებით განხორციელებული კვლევის შედეგები, რადიობაზარზე არსებულ რეალურ სურათს ან რამდენად ცვლის გაცილებით მასშტაბური კვლევის შედეგებს. ექსპერტების აზრით, მსგავსი კვლევა მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს ასახავს.

„რა თქმა უნდა ჩვენც ჩაგვიტარებია მსგავსი კვლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი სპეციფიკა: მოსახლეობის რა სეგმენტზე და რა გეოგრაფიულ არეალზე ვსაუბრობთ კვლევის დროს“, – აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს სეგმენტი არის მხოლოდ კონკრეტული სოციალური ქსელის მომხმარებელი და აქ ვერ მოხვდება ის ადამიანი, რომელიც არ სარგებლობს ამ ქსელით, ამიტომ მათი კომპანია ყოველთვის ერიდება სოციალური ქსელის მეშვეობით ჩატარებული კვლევა გაყიდოს როგორც მაგალითად თბილისის ან საქართველოს რეპრეზენტაციული კვლევა.

 

ზოგადად როგორ ვითარდება რადიობაზარი მსოფლიოში და რამდენად პოპულარულია ეს მედიუმი საქართველოსა და მსოფლიოში, ამას საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს.

რადიოს ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი კვლევის ჩატარება. 2012-2013 წლებში IREX G-Media-ს მხარდაჭერით და USAID-ის დაფინანსებით  მარკეტინგული კვლევითმა ორგანიზაციამ TNS – Market Intelligence Caucasus განახორციელა. ამჯერად კვლევები მხოლოდ რამდენიმე რადიოკომპანიის თანადაფინანსებით ტარდება. ამ კვლევების მიხედვით, საქართველოში რადიოს მსმენელების რიცხვი 2013 წლის იანვართან შედარებით წლის ბოლოს, დეკემბერში 8% გაიზარდა და 52% გაუტოლდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 წლით ადრე არსებული კვლევებით, ეს რაოდენობა მხოლოდ 28% იყო, სახეზეა დიდი ცვლილება. 52-55% ფარგლებში მერყეობს ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში.

აშშ-ში ცნობილია არბიტრონისა და ნილსენის კვლევები. კომპანია, რომელიც სწავლობს მომხმარებელთა ბაზარს 100-მდე ქვეყანაში, 2014 წელსაც ატარებდა მასშტაბურ კვლევას. ყოველკვირეული კვლევით, რადიო მოსახლეობის 90%-ში პოპულარულია. აუდიო მსმენელები ყოველდღე საშუალოდ 2,5 საათს ატარებენ რადიოს თანხლებით. ყოველკვირეული აუდიენციის 2/3 აქვს კარგი ფინანსური შესაძლებლობა, არიან დასაქმებული და რადიოს უსმენენ სრული სამუშაო დღის განმავლობაში.

2013 წლის შემოდგომაზე იგივე კომპანიის მიერ რადიოს ბაზრის კვლევა დაახლოებით იგივე მონაცემებს აქვეყნებდა და ყოველკვირეულად 243 მლნ მსმენელს აფიქსირებდა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სმენადობის მაჩვენებელი 85%-დან 95 %-მდე მერყეობდა.

RAJAR Ltd (Radio Joint Audience Research) – ბრიტანული კომპანია, რომლის მფლობელიც BBC-თან ერთად RadioCentre-ია (სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის უმეტესი კომერციული რადიოსადგურების ინტერესებს), 1992 წლიდან აწარმოებს რადიო აუდიტორიის გაზომვას და კვლევას, 2014 წლის მონაცემებში მიუთითებს, რომ 2014 წლის მესამე კვარტალში 15 წლის ზემოთ მოზარდთა 89% ყოველ კვირეულად უსმენს სასურველ რადიოსადგურს.

რადიოს სმენადობასთან ერთად იზრდება ნდობა რადიო რეკლამის მიმართაც.  რადიო რეკლამის ლაბორატორია (Radio Ad Lab) 2001 წელს  რადიოკომპანიების მიერ დაფუძნდა. ის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მისი მიზანია შეისწავლოს როგორ მუშაობს რადიო რეკლამა, რადიოს ეფექტურობის გაზომვა, რეკლამის დამკვეთების ნდობის ამაღლება რადიოს მიმართ. (http://www.rab.com/public/ral/-26.12.2015)

ლაბორატორიის კვლევის თანახმად, რადიომსმენელები რადიორეკლამის ყველაზე კარგი მიმღებები არიან. რადიო აკავშირებს მომხმარებელთან ყველაზე მაღალ ემოციურ დონეზე; რადიო რეკლამა სხვა მედია რეკლამებისგან განსხვავებით მომხმარებელში აღიქმება, როგორც ყველაზე პერსონალურად შესაბამისი; ყველაზე მეტად საინტერესოდ აღიქმება, მეტად პოზიტიურ გარემოს ქმნის რეკლამის დამკვეთებისთვის. (http://www.themediaaudit.com/media/2385/Voter_Presentation.pdf-26.12.2014)

ამერიკული პოლიტიკური და ბიზნეს კონსულტაციების კომპანია Wirthlin Worldwide, რომელმაც შეადარა მომხმარებელთა დამოკიდებულება რადიოს, გაზეთის და ტელერეკლამებს შორის, აცხადებს, რომ  რადიორეკლამა არის პერსონალურად მეტად დაკავშირებული მომხმარებლთან, ვიდრე სხვა რეკლამა. რადიოს მოსმენა მეტად ორიენტირებული გამოცდილებაა და მსმენელი ენდობა მედიუმსა და მის რეკლამასაც (ტელევიზიასთან და გაზეთთან შედარებით).

რადიო რომ ყველაზე ეფექტური მედიაა რეკლამის დამკვეთთათვის, ამას  ადასტურებს რადიორეკლამის ბიუროს კვლევაც (RAB-Radio Advertising Bureau). დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა არის ერთი მთავარი მოსაზრების მტკიცებულება, რომ „რადიო გაბედნიერებს“ (radio makes you happy). კვლევის თანახმად, რეკლამის დამკვეთები აღწევენ მსმენელთა მეტ ჩართულობას, როცა სარეკლამო განცხადება შერწყმულია რადიო კონტენტის სარედაქციო ტექსტთან. ამასთან, რადიომსმენელები არიან მეტად ენერგიულები და ბედნიერი, ვიდრე ტელე ან ინტერნეტ მომხმარებლები.

 


RAB ცდილობდა გაერკვია როგორ მოქმედებდა დღის განმავლობაში ადამიანებზე სიჩუმე, მედია ან მედიის სპეციფიური საშუალებები. კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი მედია საშუალება აუმჯობესებს ბედნიერების და ენერგიის დონეს, მაგრამ რადიოს მაჩვენებელმა აჯობა ტელე და ონლაინ მედიას. კვლევის თანახმად, რადიო 300%-ით აუმჯობესებს ენერგიულობას (ონლაინ-მედია 200%, ტელე 160%). ამის მიზეზი კი თანმიმდევრულობაა. რადიო უზრუნველყოფს სასიამოვნო გარემოს, სივრცის თანმიმდევრულობას, სადაც არ უნდა იყოს  და რასაც არ უნდა აკეთებდეს მსმენელი.

 

ნანა მამაგულიშვილი
ნათია ხუროშვილი

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g