თბილისში, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე, ბინაში გაჩნდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კვამლით გაგუდვა სახელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. განმარტავენ, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი
ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
