LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობამ სავალუტო კურსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს

104

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2017 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ლარის დევალვაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველოა, პრაქტიკულად ყველა პარტნიორი ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია.

“თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი განვითარების დინამიკისკენაა. პრემიერის განცხადებით, მოსახლეობამ სავალუტო კურსი უნდა დაივიწყოს და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას შეხედოს.

“თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს აცნობიერებს.

“ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ინოვაციურს ამ შემთხვევაში – ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო მეტი ზრდა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

mazda magti 5g