ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მაჭავარიანი სერიოზული დახმარების მობილიზებას მოელის.
„მოგეხსენებათ, მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას. ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ამ დღეებში კომუნიკაცია გვვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთად შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას და მოლაპარაკებები გვაქვს სხვა დონორ ორგანიზაციებთან და შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარებების მობილიზება“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება თავად ეროვნულ ბანკს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9 პროცენტს შეადგენს.