ხანძრის ლიკვიდირება „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. შენობის შიდა პერიმეტრი ჩამონგრეულია, დაზარალებული მოვაჭრეები კი შენობის გარეთ იმყოფებიან.
დამწვარია „ოქროს ბირჟის“ ფართიც. მეხანძრეები ამბობენ, რომ ოქროს ნაწარმი, რაც დახლებზე იყო განთავსებული, მთლიანად განადგურებულია, თუმცა იმედოვნებენ, რომ საცავში შენახული ძვირფასეულობა გადარჩა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 1 მეხანძრე.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი, დავით ნარმანიაც. მისი განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.