7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ამ დღეს უძღვნიან ვირტუალურ გამოფენას, სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.
გამოფენის მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა.
„7 აპრილს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით ონლაინგამოფენას შემოგთავაზებთ, გამოფენას, რომელიც მრავალმხრივ აქტუალურია. მას ეწოდება – „სამედიცინო პერსონალი „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“ და იგულისხმებს დიდწილად იმ ქართველი ექიმებისა და სამედიცინო სფეროს მენეჯერების ყოველდღიურობის ფოტოასახვას, რომელსაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს. წარმოდგენილი იქნება როგორც პროფესიული ფოტოები, ასევე სამოყვარულო სახის. საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ემოციური და იმედისმომცემი სურათი იქნება ასახული. გისურვებთ, ჯანმრთელობას და ბუნებრივია, ამ გამოფენით მეტი მხნეობის შეძენას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან და ონლაინგამოფენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელშიც უმცროს სამედიცინო პერსონალს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში” – ამირან გამყრელიძე ექთნებს მიმართავს
გამოფენის დათვალიერება საზოგადოებას დისტანციურად – ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება.