საქართველო ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც მან განმარტა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დონორების მიმართ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის კონსოლიდირება მოვახდინეთ, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს დახმარება. ჯამში, საკმაოდ რეალურია საქართველომ, როგორც საბიუჯეტიო, ისე მიზნობრივი დახმარების სახით მიიღოს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.