კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. განკარგულება ძალაში დღეს 12:00 საათზე შევა და იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა წუხელ გაახმოვანა. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელდა ასევე იმ კითხვების პასუხები, რომელსაც საზოგადოება მთავრობის მისამართით ხშირად სვამს.
- რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება გადაადგილება? – არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.
- ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს? – შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.
- როგორ მოვიპოვოთ საშვი მანქანით გადაადგილებისთვის? – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).
თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144. - როგორ ვიაროთ სამსახურში? – თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.
- მაქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება სამსახურეობრივი მიზნით და შემიძლია თუ არა ოჯახის წევრის ტარება? – არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.
- მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით? – დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.