LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისფერი ცა და სუფთა ჰაერი: COVID-19-ის ,,პოზიტიური” შედეგები

689
wuhanspring-custom-b12b1c68a49338432771b282b594391e0ff83af6-s800-c85

მარტში, ჩინურ უხანში შემოღებული მკაცრი კარანტინის 48-ე დღეს ვირუსის ეპიცენტრში მცხოვრებმა რებეკა არენდელ ფრენკსმა უცნაური ცვლილებები შეაჩნია. აქტიური სატრანსპორტო მოძრაობის და ინდუსტრიული დაბინძურების შემცირების ფონზე “უხანში მართლაც არაჩვეულებრივად მოვიდა გაზაფხული”, – სწორედ ასე დაწერა ფრენკსმა საკუთარ Facebook-გვერდზე, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვების ფონზე, მკაცრ კარანტინზე გადასული ადამიანები მართლაც ამჩნევენ ცვლილებებს – გაწმენდილ ჰაერს და ბევრად სუფთა წყალს.

სან-გეიბრიელის მთები ლოს-ანჯელესის ცენტრიდან, 2020 წლის 14 აპრილი

NASA-ს თანამგზავრული კვლევების თანახმად, იანვრის თვეში ჩინეთში ჰაერის დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდის დონე, რომელიც აირის წვისას გამოიყოფა, მთელი 30%-ით შემცირდა, ლოს-ანჯელესში კი, მინიმალური საავტომობილო მოძრაობის ხარჯზე სმოგი გაიფანტა და 40 წლის მანძილზე ჰაერის ხარისხი პირველად გაუმჯობესდა. ნიუ-იორკში მხუთავი აირის გამოყოფა 50%-ით შემცირდა, ვენეციის არხები ცისფრად გაბრწყინდა, დელიში კი, სადაც მოსახლეობა საწარმოო და საავტომობილო გამონაბოლქვისგან თავის დასაცავად  კორონავირუსამდეც ატარებდა ნიღაბს, ახლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვაც შეიძლება, სავაჭრო ნაირობიში კი, ქალაქიდან 150 კილომეტრის მოშორებით კენიის მთები გამოჩნდა.

ეკოლოგებისთვის მსგავსი მოვლენები იმ სუფთა და ჯანსაღი სამყაროს იდეალური მოდელია, რომელსაც ყოველთვის ნატრობდნენ, თუმცა მომაკვდინებელი ვირუსის და სრული ეკონომიკური კრახის გარეშე. მართალია, ისეთი ეკოლოგიური გამარჯვებები, როგორიც ჩინეთის გაწმენდილი ჰაერი, სმოგისგან განთავისუფლებული ლოს-ანჯელესი და დელია ექსპერტებს უკეთესი მომავლის იმედს აძლევს, მაგრამ გარემოს დაბინძურების დონე მაინც მაღალი რჩება. ამავე პრობლემაზე საუბრობს კლიმატური პოლიტიკის ექსპერტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოცენტი, მეცნიერების დოქტორი ლი სტოუქსი, რომლის პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ნახშირბადის გამოსროლა 4%-ით შემცირდება, სასიკეთო მაჩვენებელი მაინც ვერ გადაფარავს კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს.

ვენეციის არხები, 2020 წლის 16 აპრილი

პანდემიის პირობებში გარემოს გლობალური დაბინძურების დროებითი შემსუბუქება, ერთის მხრივ სასიხარულოა, მეორეს მხრივ კი, შემაშფოთებელი, რადგან იმ გარდაუვალ კლიმატურ ცვლილებებზე მიანიშნებს, რომელთაც აუცილებლად დამანგრეველი შედეგი ექნებათ. გლობალური დათბობა და გარემოს კატასტროფული დაბინძურება,  მასიური ხანძრები, ქარიშხალი და სიცხე კაცობრიობამ უკვე გამოსცადა  საკუთარ თავზე.

2020 წლის, 19 აპრილი, თევზაობა უხანში

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის კავშირი კლიმატის ცვლილებებთან ბევრად აშკარა გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომლის თანახმად, დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები COVID-19-ით დაავადებული ადამიანები უფრო ინტენსიურად იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებად მძიმე პირობებში ცხოვრობს. მაგალითად, რასობრივი სეგრეგაციის გათვალისწინებით, ბევრად ტოქსიკურ ზონებში დაბინავებული აფროამერიკელები სხვებზე ხშირად ავადდებიან დიაბეტით, ასტმით, სიმსივნით და გულის დაავადებებით, ამიტომ განსაკუთრებით უჭირთ ვირუსთან გამკლავება.

სამწუხაროდ, სუფთა ჰაერით და წყლით დატკბობა მხოლოდ პანდემიის პირობებში აღმოჩნდა შესაძლებელი, რადგან ჩინეთში, სადაც კარანტინის შეზღუდვები მეტ-ნაკლებად შემსუბუქდა, გარემო ისევ სწრაფად დაბინძურდა, თუმცა რჩება იმედი, რომ კორონავირუსის წარმატებით დაძლევის შემდეგ ადამიანები გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და პლანეტის გადასარჩენად გაერთიანდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g