ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ გააქტიურებას აანონსებს. მანამდე კი ის წარსულ შეცდომებზე საუბრობს.
„უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავი, თავის დროზე თამამი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უნდა გადავმდგარიყავი“.
„ციხის კადრებზე ვიფიქრეთ, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყო, რომ სერიოზული პრობლემა აღმოგვაჩნდა. ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, დადგმული იყო. მეორე ნაწილი – კარანტინის დაშლა არა, მაგრამ ერთმა დადგმულმა კადრმა მეორეს დამაჯერებლობა შესძინა. თუმცა, ეს სრულიად არ გვამართლებს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა „მთავართან“ საუბარში.
სწორედ ასეთი წარსულის გამო ხელისუფლება ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილი მათ პრობლემებს ვერ შეუქმნის.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „მეტი ვანო ოპოზიციას“.
თუ რამდენად აქვს შანსი ყოფილ პრემიერს მეორედ მოსვლის, ამის გარკვევას „ფორტუნა“ ექსპერტებთან შეეცადა.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ პარტიას თავად შექმნის და მანდატის მოპოვებას ისე შეეცდება.
„ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მძიმე ტვირთი იქნება. უნდა თუ არა, ასე იქნება. რეპრესიები, რაც მისი შინაგან საქმთა მინისტრობისა და პრემიერობის პერიოდში ხორციელდებოდა, ვერავის დაავიწყდება. ამბობს, რომ ნანობს შეცდომებს და მინდა მჯეროდეს, რომ ამ სიტყვებს გულწრფელად ამბობს. მაგრამ საზოგადოებისთვის ის მაინც აღიქმება იმ პირად, რომელმაც რეპრესიები განახორციელა.
თუ მერაბიშვილი იტყვის, რომ ის ბრძანებებს ასრულებდა, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იერიში და ამას ის არ და ვერ გააკეთებს. საზოგადოებაში მისდამი დამოკიდებულება არის ცალსახად უარყოფითი. ამიტომ მისი რომელიმე პარტიაში ყოფნა იქნება ხელისუფლებისთვის სამიზნე და არამარტო ხელისუფლებისთვის. როცა დაიწყება საარჩევნო პროცესი, ყველა ეცდება სხვისი ჩაძირვის ხარჯზე მოიპოვოს პოპულარობა. გასაკვირი არ იქნება, თუ ოპონენტები მერაბიშვილის წარსულის თავის სასარგებლოდ გამოყენებას დაიწყებენ.
ექსპერტი მერაბიშვილის გააქტიურებას სააკაშვილის უკრაინაში მოსალოდნელ ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხს არ უკავშირებს და ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ აწყობს ყოფილ პრემიერთან ერთ გუნდში ყოფნა.
„მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ მერაბიშვილის ციხეში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და უნდა დაისვენოს. სააკაშვილს ნამდვილად არ აწყობს, რომ მერაბიშვილი მის გუნდთან ასოცირდებოდეს.
საააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა და ვანო მერაბიშვილის კვლავ გამოჩენა სრულიად განსხავებული თემებია. სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკაინაში ვიცე-პრემიერი, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც ამჟამად აქვს. დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიწყნარდა. გარკვეული ფანჯარა და შიმშილი გაჩნდა პოლიტიკური მოვლენებისადმი და ამ შემთხვევაში სწორია მერაბიშვილის გადაწყვეტილება კვლავ გააქტიურებულიყო. თუ რაიმეს განცხადება უნდა, ახლა უნდა გაკეთდეს და არა მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფაზაში შევა. დრო სწორად არის შერჩეული. მგონია, რომ ის უნდა დაელოდოს, საარჩევნო კოდექსის მიღებას და მან უნდა აირჩიოს ყველაზე რბილი ვარიანტი. უნდა შექმნას პარტია და ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლოს. საუკეთესო გამოსავალი ეს იქნება. სხვა პოლიტიკურ ძალას არ დააზარალებს. ახლა საუბარი იმაზე, აქვს თუ არა შანსი ბარიერის გადალახვის, ნაადრევია. გარდა ამისა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა შესაძლოა, მას მხარი დაუჭირონ. უკეთესი ვარიანტი მერაბიშვილისთვის არ იქნება. თუ ის ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს, ეს იქნება არამარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური რეაბილიტაცია. სხვა გუნდთან ერთად გასული, ის ამ რეაბილიტაციას ვერ მიიღებს“, – აცხადებს ექსპერტი.
კითხვაზე, ქვეყანას რამდენად სჭირდება, მერაბიშვილის მეორედ მოსვლა”, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით, ძაბირაძე პასუხობს:
„მერაბიშვილი იყო პარლამენტის წევრი და თუ არ ჩავთვლით მის ერთ განცხადებას, რომელიც აშშ-ში ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გააკეთა, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ის უკვე სხვა ფიგურა იყო. რამდენად სწორი თუ არასწორი ეგ სხვა თემაა, მაგრამ პოლიციაში განხორციელებული რეფორმების იდეოლოგი თუ არა იმპლემენტატორი ნამდვილად მერაბიშვილი იყო. ასე რომ, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, ქვეყანას რამდენად გამოადგება ან არ გამოადგება მერაბიშვილის გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რთული სათქმელია. თუ მერაბიშვილი ისევ გახდება შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მონანიება, თუ გულწრფელი აღმოჩნდა, ალბათ პრობლემა არ იქნება, მაგრამ ნდობის საკითხია, რამდენად ვენდობით ისევ. როდესაც კვლავ ძალაუფლების მატარებელი იქნება, რამდენად ემახსოვრება მონანიება, და რამდენად დაიცავს იმას, რაც თქვა“, – აცხადებს ძაბირაძე.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე კი ვანო მერაბიშვილს ხელმოცარულ პოლიტიკოსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს.
„ვანო მერაბიშვილი ჩემის აზრით ხელმოცარულია. მთელი ცხოვრება ბრძანებების შესრულების მეტს არაფერს აკეთებდა და რა უნდა გააკეთოს ახლა? ბუღალტერი ვერ გახდება. ალბათ კვლავ სააკაშვილის ბრძანებებს შეასრულებს. მას სერიოზულად, როგორც პოლიტიურ ფიგურას ვერ აღვიქვამ.
მეორედ მოსვლას აანონსებს, მაგრამ ჯერჯერობით ქრისტეს მოსვლას ველოდებით და ვანო მერაბიშვილის – არა“, – აცხადებს თვალჭრელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ ე.წ.„მატროსოვის ციხე“ 20 თებერვალს დატოვა.