საქართველოში ტესტების მარაგი შეივსო. სპეცრეისით ქვეყანაში ჩინეთიდან 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა. გარდა ტესტებისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჯამში საქართველოში 52 ტონა ტვირთი გამოიგზავნა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია “ჯეოსქაიმ” განახორციელა.
ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდა PCR ტესტებისა, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია. ტიკარაძის განმარტებით, უახლოეს კვირაში გაფართოებული ტესტირება იგეგმება.
“ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ის 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ასევე ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, დანარჩენ ტვირთს კი პირადი დაცვის საშუალებები წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ამ კვირაში ვაფართოებთ ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასობრივი ტესტირება თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება