LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესტები არ მოგვაკლდება, გასატესტებსაც განსაზღვრავენ, მონისტორინგიც განხორციელდება, დახმარებაც ჩაირიცხება – მინისტრის პასუხები

154
94883607-3195518410467803-3121934465295712256-o

პრემიერ მინისტრის დავალებით, თითოეული დარგობრივი სამინისტრო ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს. მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამართა. ეკატერინე ტიკარაძემ, მოადგილეებთან ერთად საზოგადოებას მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა.

ქვეყანაში არსებული ტესტების მარაგებთან დაკავშირებით:

„ველოდებით ტესტების ახალ მარაგს. იცით, რომ მუდმივად ვმუშაობთ მარაგების შევსებაზე. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა 52 ტონა ტვირთი. ამ ტვირთით ჩვენ მივიღეთ როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე 40 ათასი PCR ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 20 ათასი სწრაფი ტესტი. გუშინ შეხვედრა გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან და მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა გარკვეული გაფართოებების შესახებ, თუმცა ტესტირების გაფართოების დეტალები უნდა დავაზუსტოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ამ დღეებში მათთანაც გვექნება შეხვედრა, რის შედეგადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან კონკრეტული დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, გავაფართოებთ გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას.”

ჟურნალისტების ტესტირებაზე:

“ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ, მათთან დაკავშირებითაც გვაქვს კონკრეტული გეგმები. იგეგმება როგორც მათი ტესტირება, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა მიდგომებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მეტად უსაფრთხო. რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამის დამტკიცების შემდეგ ესეც ამოქმედდება. ამაზე საუბარი მიმდინარეობს”.

შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე:

„მონიტორინგი მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი.”

სოციალური აგენტების მცირე ხელფასთან დაკავშირებით:

“მათ ჰქონდათ ორი ტიპის ანაზღაურება, ერთი იყო ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მეორე გამომუშავებითი. გამომუშავებითი ანაზღაურება მათ არ დარიცხვიათ. მათ ამ ეტაპზე დაერიცხათ ხელფასი, ხოლო დღეს უკვე ხაზინაში გაგზავნილი არის ის ბონუსური ანაზღაურება, რომელიც მათი ხელფასის ანაზღაურებას ორჯერ აღემატება და ის სავარაუდოდ ხვალ უკვე მათ ანგარიშზე აისახება. რაც შეეხება მათი ეკიპირების საკითხს. ამ ეტაპზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ მონიტორინგი იყოს გამარტივებული ბენეფიციარებისთვის, შესაბამისად, მათ ეკიპირება არ ესაჭიროებათ”.

 

ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა კითხვას უცხოეთში დასაქმებული ადამიანების დახმარების შესახებაც. მინისტრის განმარტებით, შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს მოქალაქეების უფლებას დახმარებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია მათაც მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება.

მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას კომპენსაციების ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ 15 მაისიდან ჩაირთვება შესაბამისი პორტალი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ დარეგისტრირებას. მისივე თქმით, კომისია 2 კვირაში განიხილავს და დაადგენს სოციალური დახმარების მიმღების იდენტიფიკაციას. მინისტრის ვარაუდით კომპენსაციების ჩარიცხვა მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება.

magti 5g