ამსტერდამის ერთ–ერთმა რესტორანმა მუშაობა განაახლა და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.
ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ცნობილი დაწესებულება Mediamatic არის ასახული. რესტორანმა სტუმრებისთვის სპეციალური მინის ჯიხურები დაამზადა და ისინი სოციალური დისტანციის სრული დაცვით განათავსა. თანაც, ჯიხურები სუფთა ჰაერზე მდებარეობს, ამიტომ მთავრობა მათ ამუშავებას სიამოვნებით დათანხმდა.
პერსონალი უსაფრთხოების სრული კომპლექტით არის აღჭურვილი და ისინი მაგიდებს გრძელი ლანგრებით ემსახურებიან, რათა ახლო კონტაქტს მაქსიმალურად მოერიდონ.
როგორც რესტორნის მფლობელმა განაცხადა, ხალხის აქტიურობა ძალიან დიდია და მუშაობის დაწყების პირველივე დღეს მათ 240–მდე შეკვეთა მიიღეს.
„ე.წ. მწვანე ჯიხურები პანდემიამდეც გვქონდა და ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კორონავირუსის ეპოქაში კი ბევრი ვიფიქრეთ იმაზე თუ როგორ შეგვეძლო მუშობის გაგრძელება. როგორ უნდა გვემასპინძლა ხალხისთვის, როგორ მიგვეტანა საჭმელი მაგიდებამდე, როგორ დაგვეცვა ჩვენი მიმტანები და ა.შ. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მოვაგვარეთ და გახსნის დღიდანვე ყველა მაგიდა მუდმივად დაჯავშნილია“, – ამბობს რესტორნის მფლობელი.
საინტერესო ინიციატივა ამსტერდამელებს ძალიან მოეწონათ.
„ძალიან კომფორტული ჯიხურებია, ვფიქრობ მათ ყველაზე მეტად წყვილები დაფასებენ. ჯიხურში თბილა, ქარი არ გაწუხებს და თანაც ულამაზესი ხედით ტკბები, ასე რომ ვაპირებ მისი ხშირი სტუმარი ვიყო“ – განაცხადა ერთ–ერთმა მომხმარებელმა.
აღსანიშნავია, რომ მაგიდის დაჯავშნა ონლაინ არის შესაძლებელი და ჯერ–ჯერობით უახლოესი თვის განმავლობაში თავოსუფალი ადგილის პოვნა შეუძლებელია.