LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა: რომელ ქვეყანაში გადის ყველაზე დიდი ოდენობით ქართული ღვინო?

771

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.  

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც  უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული  ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი  აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა – 1 305 508, პოლონეთი – 561 294  და ყაზახეთი – 473 515 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 383% (1 794 200), ისრაელი – 333% (42 570), რუსეთი – 120% (8 987 745), კანადა – 55% (34 650), პოლონეთი – 27% (561 294), გერმანია – 22% (98 926), უკრაინა – 20% (1 305 508), აშშ – 7% (66 714), ლატვია – 5% (255 896).

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  71%-ს აღწევს.

პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან  შედარებით 114%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა – ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.

magti 5g