სასწაული ასე ხშირად არ ხდება. სასწაულიც იმიტომ ქვია, რომ იშვიათ შემთხვევაში მოხდეს. ეს „ბარსელონა“ და ამ გუნდში მოთამაშე ბიჭები ნამდვილი სასწაულები არიან, მაგრამ ყველგან და ყოველთვის სასწაულებს ვერც ისინი ჩაიდენენ.
დიდი ინტერესი იყო „იუვენტუსთან“ განმეორებითი თამაშის წინ, იქნებ მესიმ და ბიჭებმა კიდევ ერთი დაუჯერებელი მატჩი შემოაბრუნონო, მაგრამ ის არგუმენტი გამართლდა, „იუვე“ პსჟ არ არისო, ვინც ამბობდა.
ტურინულ გუნდს წუთითაც არ მიუცია დაეჭვების საფუძველი, რომ ის მასხრად ასაგდები არ იყო. მოულოდნელი უფრო ის არის, რომ შეტევების მცოდნე „ბარსამ“ ბუფონს კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყა. შესაბამისად შედეგი ლოგიკურია: „ბარსელონა“ გოლის გარეშე.
„იუვენტუსი“ დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში (თამაშის მერე პიკემაც ეგ თქვა) და უახლოვდება მთავარ მიზანს: ევროპულ ტიტულს.
„ბარსელონა“? ბარსელონაში კი ალბათ თანდათან დაიწყებენ ეპოქალური მოვლენის, ისტორიის უდიადესი გუნდის გადასხვაფერებაზე ფიქრს. ასეა, დროს ფეხი უნდა აუწყო.
„იუვენტუსი“ მესამე გუნდია ისტორიაში, რომელმაც „ბარსელონასგან“ ორ საპლეიოფო შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. პირველად ეს იყო „მანჩესტერი“, 2008 წელს (0:0, 1:0). 2013 წელს კი „ბარსა“ „ბაიერნმა“ გაანადგურა (4:0, 3:0).
ლიონელ მესის ჯიჯი ბუფონისთვის გატანილი არ აქვს.
„იუვენტუსი“ ლიგის ნახევარფინალში მეშვიდე გავიდა, ეს იტალიური კლუბებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 0:0
ბარსელონა, “კამპ ნოუ”, 96 290 მაყურებელი
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო (მასკერანო 78), პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი (პაკო ალკასერი 58), ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი
“იუვენტუსი”: ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (ლემინა 84), დიბალა (ბარძალი 75), მანჯუკიჩი; იგუაინი (ასამოა 83)
გაფრთხილება: ინიესტა (41), ნეიმარი (44) – კიელინი (57), ხედირა (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (1) – 12 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)