LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვენტუსი წალენჯიხაში – სამეგრელოში ფეხბურთის საბავშვო აკადემია გაიხსნება

148
ხაზარაძე-ხარჩილავა

წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის რეგიონულ მენეჯერს უმასპინძლეს. წალენჯიხის მხარდამჭერთა ჯგუფმა, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, იტალიური კლუბის წარმომადგენელს არსებული ვითარება გააცნო. იუვენტუსის წარმომადგენლები საქართველოში პროექტის დეტალების ადგილზე შესასწავლად ჩამოვიდნენ. მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ და მისმა მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

იტალიური გრანდის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა კომპონენტი მსოფლიო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ახლად რეაბილიტირებული ორი საფეხბურთო მოედანი და დამხმარე ინფრასტრუქტურა იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის სტანდარტზე უნდა მოდერნიზდეს. საჭირო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია.

ფეხბურთის აკადემია მოზარდებს, როგორც წალენჯიხიდან, ასევე მთელი საქართველოდან მიიღებს.

“მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი გია ხარჩილავას ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ იუვენტუსის ბავშვთა აკადემია წალენჯიხაში გაიხსნას. „იუვენტუსი“ წალენჯიხაში იქნება საუკუნის პროექტი. ეს ყველაფერი რეგიონის ბავშვებს და არამხოლოდ მათ, მისცემს უდიდეს საშუალებას გზა გაიკვალონ მსოფლიო ფეხბურთში და ქვეყანას მოუტანონ წარმატება”, – აცხადებს იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე.

“ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული სპორტის ისტორიაში. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი და მამუკა ხაზარაძე, რასაც ამბობს, ყველაფერს აკეთებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მწვერვალები, რაც ქართულ სპორტს ჰქონდა, ინვესტირება მომავალ თაობაში არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის”, – ამბობს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.

პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო. შესაბამის კონტრაქტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის რეგიონული მენეჯერი მარკო დეგორტესი საქართველოში იტალიის ელჩსაც შეხვდება. სულ მალე კი ტურინში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. შეთანხმების შემთხვევაში კი, წალენჯიხაში გაიხსნება რეგიონში პირველი საერთაშორისო დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს და ფეხბურთის მოყვარულებს საშუალებას მისცემს პროფესიულ დონეზე განვითარდნენ.