სალომე გოგიაშვილს შინ ვესტუმრეთ, სადაც მისი ოთხი შვილი იზრდება, მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც. ტელეწამყვანი მალე ავეჯის მაღაზიას გახსნის.
მრავალშვილიანი დედის ამპლუა გაქვს. აქტიური ცხოვრების წესიდან დიასახლისობაზე გადართვა როგორია?
სალომე:
ახლა მაქვს ყველაზე აქტიური პერიოდი, მყავს ოთხი შვილი, რომელთაც სჭირდებათ ყურადღება და მეუღლე, რომელიც ოთხ შვილს უდრის და მას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება (იცინის). პლუს ამას, გაირკვა, რომ ყველაზე ეჭვიანი მეგობრები მყავს, როგორც კი არ დავურეკავ, მინაწყენდებიან. მაქვს სამსახური და ასევე ბევრი იდეა, რომლის განხორციელებაც მინდა. ბიზნესში გადავერთე, ვაპირებ ავეჯის მაღაზიის გახსნას. ორ კვირაში დასრულდება რემონტი, ავეჯი შევიძინე იტალიაში და მაღაზიაც მალე გაიხსნება. ლამაზი, ხარისხიანი, გემოვნებიანი და არაგადატვირთული ავეჯის ნაკლებობაა თბილისში, თუ არის, ძალიან ძვირია და ყველას არ აქვს შეძენის საშუალება. მინდა, ჩამოვიტანო იტალიური ავეჯი, რომელსაც მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს.
მაშო, სალომე მართლა ყველაფერს ასწრებს?
ყველაფერეს ასწრებს, მაგრამ სულ დაკავებულია. ამის მიუხედავად, სულ ახერხებს, რომ ჩვენთან გაატაროს დრო.
სალომე:
ჩემს შვილებს დედის ნაკლებობა არ აქვთ. შეძლებისდაგვარად, დედა სულ მათთან ერთადაა.
მაშო:
სალომე სულ მაკონტროლებს, მირეკავს, აინტერესებს, სად ვარ.
სალომე:
ან ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ იმავე კაფეში მივდივარ, სადაც მაშოა. ვითომ შემთხვევით აღმოვჩნდი, მე და ციბუკა დავდივართ ხოლმე, ვითომ ამას უნდა. მაშო 14 წლისაა, არ არის იმხელა, რომ მარტო იაროს. ალბათ, მეც არ მომეწონებოდა, დედაჩემს რომ ასე ვეკონტროლებინე. მეჩხუბებიან ჩემი მეგობრები, გაუშვიო, მაგრამ არ მომწონს, ღამის ათ საათზე პატარა გოგონები ქუჩაში რომ მხვდებიან სეირნობისას. ახლა მესმის დედაჩემის და მამაჩემის, რატომ არ მიშვებდნენ მარტო ამ ასაკში. მგონია, რომ პატარა ბავშვი ღამე ქუჩაში რომ მარტო დადის, უპატრონოობის შთაბეჭიდლებას ტოვებს. ამიტომ მაშკამ იცის, თუ მეგობრებთან ერთად უნდა წასვლა, ყველგან ვუშვებ, მაგრამ ვიცი, ვისთან ერთადაა და სად არის. ძირითადად, მე თვითონ მიმყავს და რომ გამოდის, მე ვარიგებ ყველას სახლშ (იცინის).
მაშო, თაყვანისმცემლები გყავს?
არა, მაგრამ თუ მეყოლება, არ ვიცი, რა გვეშველება. თუკი ვინმეს დაინახავს, სულ ეჭვიანობს. ბიჭი მეგობრები მყავს, მაგრამ ძალიან ახლობელი და ბავშვობიდან რომ ვმეგობრობ, მათზე არ ეჭვიანობს.
სალომე:
გამომიყვანა ურჩხული. ასეც არ არის. პირობას ვდებ, რომ ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში არ ჩავერევი, თუკი მივხვდები, რომ ნორმალური ადამიანი შეარჩიეს. თუკი მივხვდები, რომ ეს ის არ არის, იცით, რაც მოხდება.
დაგაინტერესებს შენი შვილების რჩეულებზე ყველაფერი?
რას მეკითხები, აბა? როგორ არ დამაინტერესებს (იცინის). გოგო ვარ და ვიცი, რაზეა წამსვლელი ქალი, როცა მამაკაცი უყვარს. შეუძლია, გადააბიჯოს ყველას, ოჯახის წევრებს და წაჰყვეს იმ ადამიანს, ვისაც ჰგონია, მთელი ცხოვრება ეძებდა. როცა დედა ეუბნება, ეს ის არ არის, ვინც შენ გჭირდებაო, მაშინ ჰგონია, ის ბიჭი იჩაგრება და უნდა გადაარჩინოს. მე ხომ გამოვიარე ეს ყველაფერი, „გადავარჩინე“ ვიღაცები (იღიმის) და მივხვდი, სადა ხარ თურმე, რეებს აკეთებ. მე ისე არ მივუდგები შვილებს, როგორც მე მომიდგნენ. როგორც კი ქალს ჯიბრში უდგები, მისი ინსტინქტია, რომ მაინც გააკეთოს ის, რაც უნდა. ვცდილობ, დავმეგობრდე შვილებთან, ახლოს ვიყო და მივცე რჩევა. თუკი არ გაითვალისწინებენ და მზად იქნებიან ცხვირის მოტეხვისთვის, გვერდში მაინც დავუდგები. უბრალოდ, მსურს, რომ არ გამოიარონ ის, რაც მე გამოვიარე.
მაშო, შენთვის როგორია სალომე?
ძალიან მეგობრული, მასთან ყველაფერზე ლაპარაკი შემიძლია. ძალიან მკაცრიც არ არის.
ციბუკა, შენ ფეხბურთელობა გინდა, არა?
დავდივარ ფეხბურთზე, ძალიან მომწონს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო.
სალომე:
ჩვენი მასწავლებელი ამბობს, რომ რაც ჩაფიქრებული გვაქვს, თუკი ბევრს ივარჯიშებს და მოინდომებს, გამოვა. ციბუ ძალიან მონდომებულია.
გინდა, რომ ციბუკა ფეხბურთელი გამოვიდეს?
რას ამბობ? თუ ეს არ გამოვა, ისეთი მონდომებული ვარ, რომ მე გამოვალ (იცინის). აჩემება მაქვს. რომ დავფეხმძიმდი და გავიგე, რომ ბიჭი იყო, ვთქვი, უნდა იყოს ცისფერთვალება და ქერა და გამოვიდეს ფეხბურთელი-მეთქი. რატომ მინდოდა ეს ფეხბურთელობა, არ ვიცი. რომ წამოიზარდა, გამომიცხადა, არ მინდა ფეხბურთიო. ისე ვინერვიულე, რომ გადაწყვიტა, დედის სიკვდილს ფეხბურთით გატაცება ჯობია. ახლა ძალიან შეუყვარდა. არ არსებობს ფეხბურთელი, მისი ვინაობა რომ არ იცოდეს. ჩემი მეგობრები რაღაცებს რომ ეკითხებიან, ყველაფერს პასუხობს. მე ისე მიხარია, თითქოს უნივერსიტეტი ჰქონდეს დამთავრებული (იცინის).
ორმა პატარამ რა შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში?
მესამე, ბატონი ირაკლი, მგონი, უფრო მამას ჰგავს. თავისი ასაკისთვის ძალიან განვითარებულია. ბიჭის კვალობაზე ძალიან ადრე დაიწყო ლაპარაკი. უყურებს თურქულ სერიალს, ძალიან განიცდის მისი გმირების ბედს, ახლა ავარიაში მოყოლილა ქალბატონი თუ ბატონი ზეინაბი და ამას განვიცდიდით (იცინის). დუდა ძალიან გაწონასწორებულია. თუ ხასიათზე არაა, არ გაგიღიმებს. იმ დღეს მამამისი ათვალიერებდა პროექტს და მასთან ერთად დაიწყო დათვალიერება. მგონია, რომ არქიტექტურისკენ წავა. საბოლოოდ, რა იქნება, არ ვიცი.
თავიდანცე განსაზღვრე შვილების პროფესიები?
(იცინის) უბრალოდ, ჩემთვის ვფიქრობ, მაშკა ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევს. ჯერ მისი პროფესიაა ბიონსეს ფანობა.
მაშო:
დედამ სიუპრიზი გამიკეთა, დაბადების დღეზე მაჩუქა ბიონსეს კონცერტის ბილეთი. თავადაც წამომყვა. ჩემი ოცნება ამისრულდა და ყველაზე მაგარ კონცერტს დავესწარი.
როგორ ერთობით ერთად? დიდი ოჯახი გაქვთ…
სალომე:
დღის ამ პერიოდში არ არის სტუმრიანობა, მაგრამ ჩვენი ოჯახის კარი სულ ღიაა. სტუმრები მოსვლას იწყებენ ღამის 11 საათიდან. ამას ჩემი მშობლებისგან ვარ მიჩვეული. ხომ იცი, მზითვი რომ მოაქვთ ქალებს, საძინებელი და სხვა რაღაცები, მე მოვიტანე სტუმრიანობა (იცინის). განწყობა, რომ სახლში მოვედი და უნდა დავიძინო, არასდროს გვაქვს. ვიცით, რომ საღამოს მაინც მოვლენ სტუმრები. საჭმელიც დიდი რაოდენობით მზადდება. თუკი არავინ მოდის, ვხვდებით, რომ მარტო ბავშვების ხმაური არ არის საკმარისი. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ მაშინ ორს ვგულისხმობდი. მადლობა ღმერთს, რომ ოთხი შვილი მყავს. ძალიან რომ არ მეზარებოდეს, მეხუთე შვილსაც გავაჩენდი (იღიმის). მართლა აღარ შემიძლია. მგონი, ოთხი შვილი საკმარისია. ბავშვებსაც აღარ უნდათ სულ ორსული დედა. დედასთან უნდათ დროის გატარება.
მაშო:
უამრავი და-ძმა მყავს და საკმარისია (იღიმის).
ციბუკას გამოუჩნდა და…
სალომე:
ციბუკას ჰყავს და, 16 წლის ლიზა, რომელიც ახლახან გავიცანით. ეს სოციალურ ქსელში დავწერე, რადგან მინდოდა, საზოგადოებას გაეგო. უნდ აინატრო ასეთი ბავშვი, კულტურული და ჭკვიანი გოგოა. ციბუკა ძალიან უყვარს. ახლახან ავად გახდა, საავადმყოფოში გვეწვინა, მაშო თავისთავად თავზე ედგა, ლიზა თავისი სურვილით მოვიდა, ლოგინში ჩაუწვა და თავს ევლებოდა. ლიზა ციბუკას ასლია გარეგნულად. თვითონ გამოჩნდა ლიზა. მე ვფიქრობდი, რომ ციბუკა ჯერ პატარა იყო, თანაც არ ვიცოდი ლიზას განწყობა, უნდოდა თუ არა ძმის გაცნობა. ლიზამ გამოხატა სურვილი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი ოჯახი შეიკრა. ლიზა და მაშკა, ვფიქრობ, ძალიან ახლო მეგობრები იქნებიან. ციბუს რომ ძალიან მაგარი პატრონი ჰყავს ლიზას სახით, ამაში ეჭვი არ მეპარება და ძალიან მიხარია.
სალომე, შენ და ვახო თუ ახერხებთ განმარტოებას ამ ყველაფრის ფონზე?
ვახერხებთ. მირეკავს ხოლმე, სამსახურიდან გამოვდივარ და გამოდი, სადმე წავიდეთო. მცალია, თუ არა, აუცილებლად ყველაფერს თავს ვანებებ და მივდივარ მასთან ერთად. კვირაში რამდენიმე დღე, ორი საათით მაინც, მარტო გავდივართ, ეს კაფე იქნება თუ სხვა ადგილი. ხშირად ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში. რომ გადავიწვებით ხოლმე, ვამბობთ, მოდი, წავიდეთ და დავისვენოთო.
მაშო:
ჩვენ სულ გვინდა, რომ ვახოსა და სალომესთან ერთად წავიდეთ ხოლმე და ხშირად დავყავართ ყოველ ზაფხულს. მგონი, მარტო ყოფნა დიდად არ გამოსდით (იცინიან).
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია