LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair–ის ხუთი წელი საქართველოში: სამომავლო გეგმები და სიახლეები

329

Wizzair – იაფად ფრენის მოყვარულთა ყველაზე საყვარელი ავიაკომპანია საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ბაზირების 6 თვეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ავიაკომპანიის დირექტორი ჯოზეფ ვარადი საქართველოს ეწვია და შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

ჯოზეფ ვარადის განცხადებით, საქართველოში ვიზეარის მომხმარებლების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზეარის მგზავრთა რაოდენობა 3–ჯერაა გაზრდილი. როგორ ვარადიმ აღნიშნა, ეს მათი გამართული ბიზნესის დამსახურებაა.

“მგზავრები იღებენ სწორედ იმ მომსახურებას, რის საფასურსაც იხდიან-ეს არის ის პრინციპი, რასაც ჩვენ არასდროს ვიღალატებთ და რაც დაბალი ფასებით ოპერირების შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ პრესკონფერენციაზე.

 

 

სამომავლო გეგმები  – პირველობა ბაზარზე

Wizzair გეგმავს, რომ ორი წლის შემდეგ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა.

არსებული მონაცემებით, wizzair საქართველოს მთლიანი ავიაბაზრის 40%–ს იკავებს, ხოლო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში ლიდერია.

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის ვიზეარის კონკურენტი flydubai–ია რომელსაც ქართული ავიაბაზრის 35 % უჭირავს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბაზარზე გაფართოებისთვის. ბაზირების დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში ვიზეარს შესანიშნავი შედეგი და მგზავრთნაკადი ჰქონდა, ეს შედეგი მუდმივად უმჯობესდება – 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კი მგზავრთნაკადი გასამმაგებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ, ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს განვითარებას შევუწყობთ ხელს”, – აღნიშნა ჯოზეფ ვარადიმ.

 

 

სამომავლო გეგმები – გაზრდილი მიმართულებები და სიხშირეები

Wizzair საქართველოში ფრენის სიხშირეების გაზრდაზე მუშაობს. კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით.

ჯოზეფ ვარადიმ არ დააკონკრეტა იგეგმება თუ არა ფრენების დაწყება ქუთაისი–ესპანეთის მიმართულებით, რადგან მისი თქმით, კომპანია ასეთ ინფორმაციას მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გასცემს.

ამ ეტაპზე wizzair ქუთაისის აეროპორტიდან 11 ქვეყნის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით დაფრინავს. 18 ივნისიდან დაიწყება ფრენები ქუთაისი–ლონდონის მიმართულებითაც, ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

ჯოზეფ ვარადის განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ ახალი მიმართულებები wizzair–ს წელსვე დაემატოს.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, ეს ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გაფართოებაზე უფრო ინტენსიურად ვიფიქროთ და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო კარგი მომსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.

 

პრობლემები და გადაწყვეტის გზები

საქართველოში wizzair-ის ბევრ მომხმარებელს ჰქონია პრობლემები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით, ასევე კითხვები სხვადასხვა ფრენებზე და ა.შ. მიუხედავად, ამისა საქართველოში wizzair–ის წარმომადგენლობის გახსნა არ იგეგმება.

Wizzair-ში მიიჩნევენ, რომ ვებ–საიტის მაქსიმალურად განვითარება, ოპერატორების ან წარმომადგენლობის საქართველოში დაფუძნების საჭიროებას ამცირებს.

სწორედ ამისთვის ჩაშენდა wizzair-ის ვებ–საიტში ქართული ენა. საიტზე ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული. თუმცა, თუ მომხმარებელი ბილეთების შეძენისას ისეთ პრობლემას წააწყდა, რომელიც საიტის მეშვეობით ვერ გადაჭრა, ამ შემთხვევაში Wizzair–ის პრეზიდენტი მათ ურჩევს, რომ ცენტრალურ ოპერატორებს მიმართონ.

Wizzair –ის სატელეფონო ცენტრი ცეტრალიზებულია და საქართველოში არ არის მისი ბაზა, თუმცა იგეგმება, რომ ერთ–ერთი ენის სახით ქართული მომსახურებაც დაინერგოს.

ანალოგიური სატელეფონო ცენტრის ან მსგავსი ტიპის მომსახურების ჩამოყალიბება საქართველოში, ვიზეარის ბილეთების ფასებზე აისახება. შესაბამისად, საქართველოში wizzair-ის წარმომადგენლობის გახსნა არ იგეგმება.

 

2012 წლიდან დღემდე

Wizzair-ის პირველი ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა. 4 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს, ქუთაისში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებამდე გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.

როგორც ავიაკომპანიის პრეზიდენტმა განაცხადა, ვიზეარი წარმატებით ფართოვდება საქართველოს ავიაბაზარზე და თავის მგზავრებს დაბალბიუჯეტური ფრენებით მოგზაურობის უფრო დიდ, არჩევანს სთავაზობს.

ქუთაისში ბაზირებით ავიაკომპანიამ გააფართოვა თავის დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი 11 ახალი ავიამიმართულებამდე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ახალი, ლონდონის (ლუტონი) ავიამიმართულება, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის 18 ივნისიდან.

ვიზეარი უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მომავალშიც იმედოვნებს შემომავალი ტურისტული ნაკადის ხელშეწყობას, საავიაციო და ბიზნეს ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, რაც შექმნის ევროპაში მოგზაურობის დამატებით შესაძლებლობას 100-ზე მეტი მიმართულებით, ავიაკომპანიის ბუდაპეშტის, ვარშავის, ვილნიუსის და კატოვიცეს ბაზების გამოყენებით.

მგზავრებს ავიაბილეთების შეძენა ნებისმიერი მიმართულებით, ავიაკომპანიის საიტისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ.

magti 5g