LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის „მეორედ მოსვლის“ მოულოდნელი სცენარი: „ულვაშიან და უულვაშო ბიჭებს აღარ უნდა მივცეთ ხმა“

528
fortuna.ge-ახალი ამბები

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ოპოზიციის ულტიმატუმი, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უცვლელია, თუმცა ადგილებისთვის ბრძოლა დაიწყო და პრემიერობის მსურველიც ბევრია.

მთავარ მოსამართლედ ქართველი ხალხი რჩება, რომელიც განაჩენს 31 ოქტომბერს გამოიტანს. სცენარი შესაძლოა, რამდენიმე გზით განვითარდეს.

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ. 

„მეორედ მოსვლის“ სცენარი, ექსპერტის თქმით, საკმაოდ რეალურია.

ძაბირაძე: ფუჭი მოლოდინია, რომ ...

„ოპოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. გადამწყვეტი ბრძოლა მაშინ დაიწყება, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება, რა საარჩევნო გზით მივალთ საარჩევნო პროცესებამდე.

თბილისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები. დედაქალაქში რვა ადგილია და ბევრს უნდა ეს ადგილები დაიკავოს. ოპოზიციაში ადგილებისთვის უკვე დაწყებულმა ბრძოლამ არ მგონია ელექტორატზე გავლენა იქონიოს.

არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი. დღევანდელი საზოგადოება იმაზე ფიქრით არის დაკავებული, მიმდინარე პრობლემები როგორ მოაგვაროს. დამთავრდა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ჯერჯერობით დედამიწის ზურგზე არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

ხელისუფლება, თუ მას ოდნავი ლოგიკა აქვს, ეცდება, არჩევნები ჩაატაროს. უკეთესი სასტარტო პირობები, რაც მას დღეს აქვს, მომავალში არ ექნება. თუ ამ სასტარტო პირობებს ვერ გამოიყენებს, ხვალ და ზეგ უარესი ვითარება ექნება. მაგრამ საარჩევნო სისტემას უნდა დაველოდთ. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადახრები. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის დათქმული.

ხელისუფლება რურუასთან დაკავშირებით თუ არ დათმობს, მას აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო შესწორებები მიიღოს. ამიტომ ხელისუფლებისთვის მომგებიანია ოპოზიციის გარეშე განახორციელოს ცვლილებები. რომც უნდოდეს რურუას გათავისუფლება, ამას ჯერ არ გააკეთებს, ჯერ ცვლილებებს შეიტანს და მერე გაათავისუფლებს.

შეთანხმება რურუას გათავისუფლებაზე ალბათ იყო. ამბობენ, რომ არ იყო, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს რეალობასთან ახლოს იყოს. ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს გააკეთა პრეზიდენტმა, რურუას შემთხვევაში პრეზიდენტის ჩარევა არ გამოვა, მაშინ უნდა მიუსაჯონ და მერე პრეზიდენტი ან პროკურატურა უნდა ჩაერიოს“, – აცხადებს ძაბირაძე.

კითხვაზე, კომიკური ხომ არ ხდება რურუასთან დაკავშირებული ულტიმატუმი და ადგილებისა და პრემიერობისთვის ბრძოლა, ექსპერტი აცხადებს, რომ უჩვეულო არაფერი ხდება.

„ულტუმატუმს აქვს აზრი, იმიტომ რომ მომხრეებში აღქმული იქნება, როგორც „ხელისუფლება დავამარცხეთ“.

პოსტებისთვის ბრძოლა კი ყველგან და ყველაფერშია, სხვაგვარად როგორ იქნება. მანდატებისთვისაც იბრძვიან და იმისთვის, ვინ დააკომპლექტებს ხელისუფლებას“, – ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მეგობრული კონკურენცია ოპოზიციაში შესაძლებელია.

ვის ხედავთ პრემიერად 2020-ის 1-2 ნოემბერს?

სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ შემიძლია, ერთი რამ დანამდვილებით გითხრათ. თუ ოპოზიციური სპექტრი გაიმარჯვებს და ისინი 76 მანდატს მიიღებენ, ვერ გეტყვით 2020-ის 2 ნოემბერს ვინ იქნება პრემიერი, მაგრამ 2021 წლის 2 ნოემბერს, დიდი ალბათობით პრემიერი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ...

სააკაშვილი დათმობს უკრაინაში პოლიტიკურ ამბიციებს?

არანაირი პოლიტიკური ამბიცია და თანამდებობდა მას უკრაინაში არ აქვს და საქართველოში კი პირველი კაცი იქნება. მას ამაში ხელს ვეღარაფერი შეუშლის. მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და უმრავლესობაში თუ მოვა ოპოზიცია, მოქალაქეობას მიიღებს. ზუგდიდიდან შემოსვლა არ გამოვა, მაგრამ სარფიდან რომ შემოვიდეს, ისეთივე კოლონას წამოიყვანს თბილისისკენ, როგორც 2003-ში გააკეთა და უფრო მეტს. ამ მასას წინ ვინ აღუდგება, რომელი პარლამენტი ან პარლამენტარები. „მეორედ მოსვლის“ სცენარი ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ისტორიაში მოვლენები რაღაცნაირად შეიძლება განმეორდეს.

 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკაში ყველას ამბიცია აქვს და ზნეობას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

„პოლიტიკური კინკლაობა ისე მომბეზრდა, აღარავის ვუსმენ. პოზიციაც და ოპოზიციაც ქართვლები ვარ, ამბიციურები ვართ, ყველას გვინდა დირექტორობა და ყველა იბრძვის ადგილისთვის. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ზნეობას. დანარჩენი ყველაფერი პიარკამპანიაა.

პროპაგანდაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამომრჩეველმა თავისი სინდისის შესაბამისად უნდა გააკეთოს არჩევანი. სანამ ჩააგდებს ბიულეტინს ყუთში, ძალიან დიდხანს უნდა იფიქროს. ახლა მართლა ის შემთხვევაა, როდესაც საქართველო თავისი განვითარების გზას ირჩევს“, – აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკოსებისთვის გამოსავალი კარგი პროგრამის წარდგენაა, რომელიც ჯერ არც ერთ გუნდს არ აქვს.

„პირველ რიგში ქვეყანაში პოლიტიკური შეგნება უნდა ამაღლდეს. ჩვენ ლამაზ და ულვაშიან და უულვაშო ბიჭებს კი არ უნდა მივცეთ ხმა, არამედ პროგრამას. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით გინების მეტი არაფერი ხდება. წინასაარჩევნო მუხტი ძირითადად არის გინება. არავინ ამბობს, რისი გაკეთება სურს და არავინ საუბრობს თავის პროგრამაზე. სანამ ეს მდგომარეობაა საქართველოში და არა პიროვნებების, არამედ იდეების ბრძოლა არ იქნება, არაფერი გვეშველება, ამას კი თაობის შეცვლა უნდა.

ჩვენ პოლიტიკური საშუალო სკოლა ჯერ არ დაგვიმთავრებია. მერვე კლასში ვართ. სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად ჯერ მზად არ ვართ“, – აცხადებს თვალჭრელიძე.

კითხვაზე, პრემიერად ვინ წარმოუდგენია, ექსპერტი პასუხობს, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება საარჩევნო ბანქოს ჩამორიგების შემდეგ და ვის ხელში აღმოჩნდება კოზირი. 

„სულაც არ ვარ დარწმუნებული, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვოს, პრემიერს შეცვლიან. გულახდილად გეტყვით, ჩემი თვალთახედვით, ბევრი ნაკლის მიუხედავად, საუკეთესო პრემეირად მაინც გიორგი გახარია მიმაჩნია. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც არ შეეშინდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ბოლო რამდენიმე თვეში ისეთი ღონისძიებები გაატარა, რომელმაც მე პირადად ეროვნული ღირსების გრძნობა დამიბრუნა. თურმე ქართველები ქვეყანა ვყოფილვართ და ჩვენ ქართველებს ძალიან კარგად შეგვიძლია, შევებრძოლოთ გამოწვევებს გაცილებით კარგად, ვიდრე ვთქვათ ფრანგებს, იტალიელებს, ამერიკელებს… ნაციონალური ღირსების გრძნობა გახარიამ დამიბრუნა.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან დაწყებული სახელმწიფო მინისტრები რომ ავიღოთ, მთავრობის ლიდერებიდან, მე მეჩვენება, რომ საუკეთესოა. მე არ ვიცი, რა მოხდება 2020-ის არჩევნების შემდეგ.

მგონია, რომ იქნება კოალიციური მთავრობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოზირები ვის ექნება, საარჩევნო ბანქოს რომ დაარიგებენ. ამის შესახებ უფრო კარგად სექტემბერში იქნება საუბარი შესაძლებელი“, – გვითხრა თვალჭრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g