LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე: „ზურას საყვარელი შეკითხვაა: შენ კიდევ აპირებ გათხოვებას?!.“

6282

ზურა და ლენუკა ყიფშიძეებს ერთად შევხვდით. მამა-შვილს ერთმანეთთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. ზურა და ლენუკა გარეგნულადაც ჰგვანან და ხასიათითაც. ცნობილ მსახიობს ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებაც ვკითხეთ, როდესაც მის ფინანსურ გაჭირვებაზე დაიწყო საუბარი…

მგონი, ბატონი ზურა უფრო მხიარული და გამბედავია, ვიდრე შენ, ლენუკა. რით ჰგავხართ ერთმანეთს?

ლენუკა:

დედაჩემს რომ ჰკითხო, ყველაფერი ცუდი ზურასგან მაქვს.

ზურა:

რა თქმა უნდა, ცუდი ჩემგან აქვს, კარგი – დედისგან… რაც შეეხება ხასიათს, ერთნაირი თვისებები გვაქვს, ზოგჯერ თავშეუკავებლები ვართ, ფეთქებადებიც.

ლენუკა:

მე და ზურა ერთნაირები ვართ, გიორგი და დედაჩემი – ერთნაირები.

ზურა:

ბუნებრივია, რომ გოგონა უფრო მამისკენ არის. ასე ამბობენ და მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

ლენუკა, ბავშვობიდან ახლოს იყავი მამასთან?

წლებმა უფრო მოიტანა. როცა იზრდები, უფრო სხვანაირი ხდები. თავიდან უფრო დედასთან ვდაქალობდი. მერე, ასაკში რომ შევედი, უფრო ზურასთან დავიწყე მეგობრობა. ბავშვობაში უფრო მკაცრი იყო, მაგრამ მაინც მეგობრული იყო.

ზურა:

მომავალში მამებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – მიუხედავად სიახლოვისა, მაინც უნდა იყოს დისტანცია, რადგან ამან შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგიყვანოს. ზედმეტად დაახლოვებისას შეიძლება მამას ან შვილს შეეშალოს რაღაც. ჩემ შემთხვევაში არ არის არანაირი დისტანცია.

ლენუკა:

როგორ არ არის? რიდი არის. მაინც ითვალისწინებ მშობლის აზრს. რატომ იტყუები?!.

ოჯახს რომ ქმნიდი, მამის რიდი გქონდა?

რიდი კი, მაგრამ 18 წლის ასაკში ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობ, გგონია, რომ მაინც გაპატიებს. ერთი თვე ხალათში იჯდა (იცინის).

ზურა:

რაზე გავბრაზდი, იცით? ახლობლობდნენ, ოჯახებმა ვიცოდით, რომ ერთად დადიოდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. არავინ არაფერს უშლიდა. ვთხოვე, არ გაპარულიყვნენ, რადგან იპარებიან მაშინ, როცა უშლიან ურთიერთობას. მესმის, რომ პერიოდი იყო ასეთი, მაგრამ მაინც გავბრაზდი. მინდოდა, ეს ყველაფერი ადამიანურად მომხდარიყო…

ლენუკა:

მაშინ გაპარვის მოდა იყო… ზურა არ არის მომხრე გადაპატიჟებების და ასეთი ტრადიციების…

არ გიყვართ ტრადიციები, ბატონო ზურა?

როგორ არ მიყვარს, მაგრამ დამახინჯებული სახით არ მივესალმები. კარგად გამოგვდის ტრადიციების დამახინჯება. მაგალითად სუფრის ტრადიციას მოვიყვან. მე ისეთ ხალხთან მომიწია ურთიერთობამ, რომლებთან ერთადაც სუფრასთან ჯდომა ერთგვარ უნივერსიტეტად იქცეოდა. თამადას, მის იუმორსა და ტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. დალევა არავის უკვირს. მიზეზი უნდა გქონდეს და მერე კარგად იხსენებდე ამ ამბავს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ერთი სადღეგრძელოს შემდეგ აუცილებლად მეორე უნდა მოდიოდეს. რამაზ ჩხიკვაძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან, ოთარ ლითანიშვილთან, თემო ჩირგაძესთან ერთად რომ მოხვდები სუფრაზე, გააცნობიერებ, რომ ამ მხრივ კანონები არ არსებობს. რა რის შემდეგ უნდა დავლიო-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს, საუბარი მოიტანსო.

ასევე ძალიან არ მომწონს ქელქხის ტრადიცია. დავიბარე, მე რომ წავალ, არ მინდა არანაირი ქელეხი.

ლენუკა:

რა თემა ჩამოაგდე ახლა. არასასიამოვნო საუბარია.

ზურა:

კარგი, შევცვალოთ თემა.

გადაპატიჟებებზე და ქორწილზე გკითხეთ.

მე, მაგალითად, მშვენიერი ათკაციანი ქორწილი მქონდა. ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა. ძალიან კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი…

ლენუკამ მეორედ გათხოვება რომ მოინდომოს, როგორი რეაქცია გექნებათ?

ოღონდ დაალაგოს თავისი პირადი ცხოვრება და ვინ ოხერი შეუშლის ხელს? ვიცი, ახლა გაბრაზდება, მაგრამ ცოტა რთულია ეს ამბავი. დედაჩემს არ უყვარდა, რომ ვეუბნებოდი ხოლმე: „საწყალი შენი ქმრები“ (იცინის). რთული ხასიათი ჰქონდა და ძნელია, ასეთ ადამიანს შეეწყო. იმავეს ვეუბნები ლენუკასაც და ესეც ბრაზდება. ზოგადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა რთული. უნდა ჰქონდეთ წინდახედულობა, იუმორი, უნდა იყვნენ ფილოსოფოსები გარკვეულწილად. იცოდნენ, რომ დგება დრო, რომელსაც უნდა გაუძლონ, ზოგისთვის სამი წლის შემდეგ, ზოგისთვის – 5 წლის თავზე.

ლენუკა:

შენ კიდევ აპირებ გათხოვებას? ზურას საყვარელი შეკითხვაა, მეუბნება, ერთმანეთს უნდა შევაბერდეთო (იცინის).

ზურა:

ვიღაც ხომ უნდა დამრჩეს, რომელიც მომივლის. მეუღლეს იქით ვუვლი…

როგორი ადამიანი წარმოგიდგენიათ ლენუკას გვერდით?

ერთმანეთი ძალიან უნდა უყვარდეთ ძალიან, ტაქტი უნდა ჰქონდეთ… ერთმანეთს სიურპრიზები უნდა გაუკეთონ და მოუარონ. ასე წარმომიდგენია.

ლენუკა:

სად არის ესეთი ადამიანი, აბა, მითხარი?

ზურა:

როგორ თუ სად არის? გაიხედ-გამოიხედე, მიდექ-მოდექი, შეაწუხე ქვეყანა.

ლენუკა, აღნიშნე, რომ გიორგი თქვენ არ გგავთ…

ჩვენ არ გვგავს. ჩვენ სხვანაირები ვართ…

ზურა:

როგორ არა? შეცდომებში მგავს, თუ ამბობენ, რომ საქმე გამომდის, მასაც გამოსდის, ზოგჯერ ნაღვლიანია. საერთო ის გვაქვს, რომ ფეთქებადები ვართ.

ლენუკა:

ყიფშიძეებს ეს თვისება გვაერთიანებს. ნატალიაც ასეთია (იღიმის).

ზურა:

პატარა ალექსანდრემ მოხსნა ყველა რეკორდი, ისეთებს „არტყამს“ – ამას წინათ უთქვამს, რუსულ-ქართულად, იცი, ადრე დედა უფრო მიყვარდა, ვიდრე მამა, ახლა კი გაერთიანდაო. მე ვიცოდი ბავშვობაში რუსულ-ქართულად საუბარი -„ფრთხილად, აქ „პერესასვლელია“, ასე ვამბობდი. მეუბნებიან, გინდა თუ არა, შენ ასწავლიო. არადა, არ ვასწავლი, თვითონ სწავლობს რაღაცებს.

ამას წინათ ლენუკას ნიკუშამ მკითხა, რომ გავიზრდები, მდიდარი როგორ გავხდეო. ეტყობა, გრძნობს, რომ პრობლემაა ოჯახში, მატერიალურ მხარეზე ხშირად არის საუბარი. ვუპასუხე, რაც მეტ ენას ისწავლი, მეტი შანსი გექნება, რომ კარგად იცხოვრო-მეთქი. სიმდიდრე მიზანი არ უნდა გქონდეს, იმდენი უნდა გქონდეს, რომ შეძლებისდაგვარად საკუთარ თავს მოუარო და ზოგჯერ სხვებსაც დაეხმარო.

რადგან მატერიალურ მხარეზე წამოიწყეთ საუბარი, გკითხავთ, ბოლო დროს იყო საუბარი თქვენს ფინანსურ გაჭირვებაზე. ვიცი, რომ გული დაგწყდათ ამ თემაზე…

ვერ მივხვდი, რატომ მოვხვდი იქ მთავარ როლში…

ლენუკა:

ზურა ძალიან გაბრაზდა, სხვანაირი ტიპია. არასდროს მსმენია მამაჩემისგან წუწუნი. შეიძლება, ისე ჩაიკლას თავისი პრობლემა შიგნით, რომ ვერავინ გაიგოს.

ზურა:

ჩემს ინტერვიუს ედო „ნუშის“ მუსიკა, მერე ჩემი ფოტო, აი, როგორ უბედური გახდაო. მე მკითხეს, ბავშვებს რაღაც არ მოსწონთ და თუ დგახართ მათ გვერდითო. როგორ არ ვდგავარ, მაგრამ როგორც მსახიობებს, ისე დამლაგებლებს, კარისკაცებს, ადმინისტრატორებს უჭირთ. თურმე, ისეთი ამბები ხდება… მერე გადაბრალება ვიცით. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს პრეტენზიები, მაგრამ არა მგონია, ჩვენს არეულ-დარეულ ცხოვრებაში ერთ სამინისტროს და მინისტრს მიუძღოდეს ბრალი. ერთ ბედ ქვეშ ვართ ყველა. ეს თემაა ფაქიზი. არ შეიძლება, ასე გადაჭრით რაღაცაზე საუბარი – მე ჩამოვალ სცენიდანო. ჩამოდი მერე!.. არავინ უნდა გაიფიცოს. ცივილიზებული ფორმით უნდა ეცადო, რაც გეკუთვნის, ის მიიღო. ჩხუბითა და მუშტების დარტყმით მაგიდაზე არაფერი გამოდის. უსიამოვნო კი არა, კინაღამ გადავყევი ამ ამბავს…

ლენუკა:

ზურას გარეთ გასვლა არ უნდოდა, იმხელა წნევები ჰქონდა… ძალიან ინერვიულა… ამას ინტერნეტსივრცეში რომ უყურებ, არ გსიამოვნებს. წამებში მოხდა ყველაფერი. არასწორად გაიგო ხალხმა და ჩვენს ოჯახში ცუდი სიტუაცია შეიქმნა.

ზურა:

ახალგაზრდებს უნდა შეექმნათ პირობები, რომ მეტ-ნაკლებად კარგად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ამაზე იყო საუბარი. ხოლო მათ, ვინც უკვე ნელ-ნელა მიდის, უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ნაღვლიანად არ გააცილო.

ლენუკა, რთულ პერიოდზე ვისაუბრეთ და საუკეთესო დღე თუ გახსოვს, მამასთან ერთად გატარებული?

ჩემთვის ყველა დღე ბედნიერია, როცა ვიღვიძებ და ჩემს მშობლებს ვხედავ. არ არის ეს ბედნიერება?

ზურა:

მეკითხება ხოლმე, უი, შენ კიდევ ცოცხალი ხარ (იცინიან)? სერიოზულად რომ ვთქვათ, მადლობა უნდა უთხრა ღმერთს, რომ ჯანმრთელი იღვიძებ.

ლენუკა, მამის რჩევა, რომელიც სულ დაგამახსოვრდება.

იყავი თავმდაბალი და არავის მოატყუოო – მამას ხშირად უთქვამს ეს ჩემთვის.

ზურა:

რაღაცისთვის უნდა იყო, აკეთო ისეთი რამ, რომ შენს მომავალ თაობას, შვილებსა და შვილიშვილებს არ შერცხვეთ…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g