ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებზეც ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, 2 500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მართვის პირობებში დევნილებისთვის სახლების გადაცემის რაოდენობა ძალიან მაღალია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეებს გადაეცათ და 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რო შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი იყო.
„შრომითი უსაფრთხოება ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, მეორე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც მოხდა შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება სამუშაო ადგილებზე კოვიდის არსებობის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესრულების კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
