“მთავარი არხის” ვერსიით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის. არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და გამოიძიებს, ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ბილანიშვილია.
გვარამია ასევე ამტკიცებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული “ნახალოვკელი” მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, „ოცნებასთან“ დაახლოებული პირია – ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია. გასულ კვირას კი ის კახი კალაძესთან ერთად რაჭაშიც იმყოფებოდა.
ბიძინა ივანიშვილის შვილი “კაწროს” მეჯვარე და შვილის ნათლიაა და სწორედ ამ კავშირების წყალობით, ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული სამეგობროს მფარველობას ახერხებს.
„მთავარში“ გასულ სიუჟეტს ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე ნათია აოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე „მთავარ არხს“ და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება.
ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას. უკვე ერთ კვირაზე მეტია „მთავარი არხის“ მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ, დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.
და აი, ამ ამბავს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ. ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს „ნახალოვკაში“, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან.
ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო.
ადვილია იმის თქმა – „შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს“, „ყველამ იცის, ესენი რომ მატყუარები არიან“, „მაგათ არაფერი დაეჯერებათ“ და ა.შ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი.
არავინ ფიქრობს, ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს! „მთავარის“ მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ჰქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში“, – წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე ნათია ბილანიშვილი.