კორონავირუსი ჰაერითაც გადადის. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლოა პანდემიის გავრცელების მთავარი გზა სწორედ საჰაერო გადაცემა იყოს.
კვლევები მსოფლიოს გარშემო ვირუსის გავრცელების სამ მთავარ ადგილას ჩატარდა – ჩინეთში, აშშ-სა და იტალიაში.
მეცნიერებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ კონტაქტებს ზღუდავდა და უგულებელყოფდა ვირუსის ამ თვისებას.
კვლევა, რომელიც ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ე.წ. აეროზოლების მეშვეობით ჰაერით გადაცემა ახალი კორონავირუსის გავრცელების დომინანტური სახეა.
ე.წ. აეროზოლები გადადის ინფიცირებული ხველების ან ცემინების შედეგად და მარტივად აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში ცხვირიდან.
კვლევა 23 იანვრიდან 9 მაისამდე ჩატარდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის ამ მახასიათებლის გამო, კიდევ უფრო აუცილებელია პირბადის გამოყენება და ეს რისკებს სოციალურ დისტანციაზე მეტად ამცირებს.
ისინი პანდემიის დაწყებას ვირუსის ამ ნიშან-თვისების უგულებელყოფას მიაწერენ.
ახალ კვლევას უკვე გაეცნენ საქართველოშიც. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ კვლევები კვლავ მიმდინარეობს და ეს საბოლოო ინფორმაცია არ არის.
“შესაძლებელია, რომ შეწონილი წვეთებით, ჰაერში ე.წ. აეროზოლების წარმოქმნით ადამიანები დაინფიცირდნენ. ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურ ვერსიად მაინც რჩება, რომ გადაცემა ხდება წვეთოვანი გზით. თუმცა, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს რომ შესაძლებელია სხვაგვარადაც გავრცელდეს. საბოლოოდ ამაზე საუბარი ნაადრევია,” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
უცხოელი მკვლევარებიც ამბობენ, რომ კვლევები გრძელდება და ახლა იმის შესწავლა დარჩა თუ როგორია ე.წ. აეროზოლების დისპერსია [გაფრქვევის სიხშირე].
ამის მიუხედავად, მეცნიერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ატარონ ნიღბები მაშინაც კი, როცა სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება აქვთ, რადგან ეს ვირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.