LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საბანკო სექტორი ვიწროვდება: თამაშიდან კიდევ ერთი ბანკი გადის

292

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში ფილიალს ხურავს. მთავარ ფილიალში ეს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის შედეგად მიიღეს. მიზეზად საერთაშორისო ბაზრებზე დიდი ოდენობით ვალი სახელდება.

როგორც ბანკმა მის კრედიტორებთან აღნიშნა, ფილიალებს საქართველოს გარდა, რუსეთშიც დახურავს.

გეგმის მიხედვით ამ ქვეყნების დატოვება 2017 წელს მოხდება, 2018 წელს კი, ბანკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წილსაც გაასხვისებენ.

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ვალი საერთაშორისო ბაზრებზე 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ასბ – საქართველო”-მ საბანკო საქმიანობა 2007 წელს დაიწყო.

 

ქვეყანაში ბანკების რაოდენობა მცირდება – შემცირდება კონკურენციაც?

საქართველოში 16 ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებაა. მათ შორისაა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი. ბაზრიდან გასვლის შემდეგ, საქართველოში 15 ბანკი დარჩება.

2008 წელს საქართველოში 21 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ბანკების რაოდენობა საქართველოში გაერთიანებების შედეგად შემცირდა, შედარებით სუსტი კომერციული ბანკები TBC–მ და საქართველოს ბანკმა შეისყიდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ამ სფეროში კონკურენცია შემცირდეს და ოლიგოპოლიური გარიგებების საფრთხე გაიზარდოს.

თუმცა, ამ ეტაპზე ისინი კონკრეტული პროგნოზებისგან თავს იკავებენ  და ამბობენ, რომ ეს ყველაფერიშედეგს გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს.

 

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

ამ ყველაფერს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებიც ემატება. 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა თითქმის გასამმაგდა: დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ახალი ბრძანების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g