LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „მაინტერესებს ადამიანები, ვინც ჩემი გზა გაიარა, ანუ წარმატება მემკვიდრეობით არ მიუღია…“

8359
bidzinakulumbegoviexcjule

ექიმი ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექიმია. რომ არა ექიმი, ალბათ, დიპლომატი იქნებოდა, თუმცა, ვინც მას ახლოს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ალერგოლოგი რომ არა, შესაძლოა, ძალიან კარგი ფსიქოლოგი გამოსულიყო.

როცა საკუთარ კაბინეტში ან სატელევიზიო ეთერში არ არის, საკმაოდ მორიდებული ადამიანია. უყვარს შინ მარტო ყოფნა, ყველაზე დიდ ბედნიერებას კი პაციენტებთან ურთიერთობა ანიჭებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმპათია ორმხრივია.

ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან ,,შუშაბანდის” მშვიდ და ლამაზ გარემოში ჩავწერეთ.

რომ არა ექიმი, ვინ იქნებოდით?..

ბიძინა კულუმბეგოვი:

საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია, შეიძლებოდა, დიპლომატობა ამერჩია, არ ვიცი, მაგრამ პირველი კლასიდან ვფიქრობდი, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ოჯახში ექიმი არავინ იყო. 11 წელი ისე გავიდა, არ მახსოვდა, მაგრამ მასწავლებელმა, ყველა ასო რომ ვისწავლეთ, დაფაზე თურმე დაგვაწერინა, რა პროფესია გვინდოდა შეგვერჩია. მე ექიმი მეწერა…

პირველ წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ხონიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ქიმიაში, პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. წერითი გამოცდისთვის ვიყავი მომზადებული და უცებ ზეპირი გახდა… სახლში გამომიშვეს, კიდევ იმეცადინე კარგადო. მთავარი ის იყო, რომ პროფესიის შეცვლაზე არ მიფიქრია. შემდეგ წელს, როდესაც ჩავაბარე, მართალია, კარდიოლოგობა მსურდა, მაგრამ რადგან მხარდამჭერი არ მყავდა, პედიატრიის ფაკულტეტი დავასრულე და შემდეგ ვეღარ გავყევი კარდოლოგიას.

საქართველოში როგორ ხდები ცნობილი ექიმი?

სიმართლე უნდა ვთქვათ, ეს, ცოდნასთან ერთად, იღბალსა და პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. როდესაც ჩავაბარე, თბილისში ჩამოვედი და საერთო საცხოვრებელშიც მოვეწყვე, 18 წლის ასაკში მაწუხებდა აზრი, რომ სხვები მაჯობებდნენ. სამ თვეში გაირკვა, რომ ყველაზე კარგად ვსწავლობდი. ალბათ, მოტივაციაც მქონდა, სხვა გზა არ იყო. სტუდენტობის პერიოდიდან გავხდი შესამჩნევი. მომცეს სახელობითი სტიპენდია, 55 ლარს ვიღებდი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პედიატრიის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ ცნობილი პედიატრი, ნუგზარ უბერი. მეოთხე კურსიდან ჟვანიას სახელობის კლინიკაში მასთან პრაქტიკის გავლა დავიწყეთ. მას ძალიან უყვარს ახალგაზრდები. ლექციაზე ვაქტიურობდი, სამჯერ ზედიზედ სტუდენტური თემა წარვადგინე, სადაც პირველი ადგილი ავიღე.  ბატონ ნუგზართან მეგობრული დამოკიდებულება გამიჩნდა. სულ ვუზიარებდი სიახლეებს. მის კაბინეტში დღე და ღამ პაციენტებს ვუყურებდი. ბოლო პაციენტს რომ ნახავდა და კაბინეტიდან გამოვდიოდი, ერთ კაფეში მპატიჟებდა სულ, ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა… სულ მქონდა მცდელობა, როცა სტიპენდიას ვიღებდი, მე გადამეხადა, მაგრამ ყოველთვის თავად მპატიჟებდა. ოჯახი საერთოდ ვერ მეხმარებოდა… დედაჩემი საკვებს მოაგროვებდა და ავტობუსს ველოდებოდი ხოლმე, როგორც ხდება…

ნუგზარ უბერმა პაატა კურტანიძესთან გამიწია რეკომენდაცია. „ავერსში“ დამაწყებინეს ისეთი სამსახური, სადაც დღის მეორე ნახევარში მივდიოდი და საკმაოდ კარგ ანაზღაურებას ვიღებდი. მაშინ მატერიალურად შედარებით გავიმართე წელში, რასაც ბატონ ნუგზარს და ბატონ პაატას ვუმადლი.

2007 წელს, როცა რეზიდენტურას ვამთავრებდი, გამიჩნდა შანსი, სამი თვით ავსტრიაში გავმგზავრებულიყავი დედათა და ბავშვთა კლინიკაში. ბატონ პაატასთან მივედი, სამი თვით სამსახურიდან წასვლა პრობლემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბატონმა პაატამ ამაშიც შემიწყო ხელი… ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა.

იღბლიანი ადამიანი ხართ…

ნამდვილად. თუმცა მხოლოდ იღბალიც არ კმარა. შენშიც უნდა ხედავდნენ რაღაცას.

ავსტრიიდან რომ დავბრუნდი, რეზიდენტურაც დავამთავრე. ბატონ ნუგზარს ჰქონდა სურვილი, რომ პედიატრად მემუშავა. 2009 წელს დამირეკა ამირან გამყრელიძის მეუღლემ, ქალბატონმა მარინა კვეზერელი-კოპაძემ. მკითხა, ხომ არ მქონდა სურვილი, რომ ალერგოლოგიას გავყოლოდი. სხვათა შორის, მაინტერესებდა და მინდოდა ალერგოლოგობა. იმ პერიოდში მაია გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს უნდოდა ახალგაზრდა ექიმების მიზიდვა. ქალბატონმა მარინამ მიმიწვია სახლში, რომელიც საერთო საცხოვრებელთან ახლოს იყო, ჩემი მეუღლე, ამირანი გაგესაუბრება და შემდეგ რეკომენდაციას გაგიწევსო. ბატონმა ამირანმა მთხოვა, გავცნობოდი ერთ დისერტაციას და ჩემი აზრი დამეწერა მის შესახებ. აინტერესებდა, იმ არსებით ლაფსუსებს თუ აღმოვაჩენდი, რაც თავად აღმოაჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ, შეხვედრაზე, ჩემი დასკვნა წარვუდგინე. ბატონმა ამირანმა გამიწია რეკომენდაცია ქალბატონ მაია გოთუასთან. სხვა ახალგაზრდა ექიმებიც იყვნენ, გვაკვირდებოდნენ… ორი თვის შემდეგ, ქალბატონმა მაიამ მითხრა, რომ სურდა ჩემი ცენტრში აყვანა. ბატონი ნუგზარი ჩემთან უამრავ პაციენტს უშვებდა. ერთი კმაყოფილი პაციენტი ორს და სამს ეუბნებოდა…

ექიმი რისკიანი უნდა იყოს?

მიმაჩნია, რომ მე რისკიანი ვარ. გამომიყენებია წამალი, რომელიც საქართველოში არ იყო გამოყენებული. ქალბატონი მაიასგან სრული ხელშეწყობა მქონდა და მაქვს. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და მზად უნდა მქონდეს ინფორმაცია, როგორ განვავითაროთ ჩვენი ცენტრი. არის რამდენიმე დაავადება, რომლის მკურნალობის საქმეში სიახლეები დაგვინერგია ქალბატონ მაიასთან ერთად. ამ სფეროს განვითარებაში ქალბატონ მაიას დიდი დამსახურება აქვს.

ჩემზე ამბობენ, ცოტა თამამი და ჩქარი ხარო, თუმცა ვფიქრობ, ადრე უფრო თამამი ვიყავი, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მშიშარა ექიმი ხდები. სადღაც მინიმალურად წაიტეხ ცხვირს, სამედიცინო შეცდომა, მიუტევებელს არ ვგულისხმობ, ყველა ექიმს ჰქონია. ამ შიშს მაინც ვერ ავყვები, ცოტა ფრთხილი გავხდი, თუმცა სულ ვცდილობ, შემოვიტანო სიახლეები, რის გარეშეც სამედიცინო სფერო წარმოუდგენელია.

საექიმო წარმატებას, ზოგადად, განაპირობებს მაღალი ხარისხის ემოციური ინტელექტი, თუ არ ხარ ემპათიური, არ მიგაქვს გულთან ახლოს ადამიანის პრობლემა, კომუნიკაცია არ უმარტივდება, მეორეჯერ დარეკვის სურვილი თუ არ გაუჩნდა, შენი ცოდნა არ აინტერესებს. კომუნიკაცია და უნარ-ჩვევები წინა პლანზეა, ცოდნისა და აკადემიურობის ხარისხი შემდეგ მოდის. ჩემთან ამდენი პაციენტი მოდის. ვეკითხები ხოლმე, რამე გაწუხებთ-მეთქი? და ზოგი მპასუხობს, რომ არაფერი აწუხებთ, უბრალოდ, მოვიდნენ…

ტელეწამყვანობა პროფესიის ნაწილია თუ ჰობი?

ტელეწამყვანობა არასდროს მინდოდა, თუმცა ერთი თვისება სულ მქონდა სკოლიდან მოყოლებული. ამას წინათ დიანა ტრაპაიძემ მითხრა, კარგად ჰყვები ამბავსო. ეს გამომდიოდა კარგად. პირველად მარი მალაზონიამ მიმიწვია სტუმრად, შემდეგ თამარ ღვინიანიძემ „იმედზე“ მუშაობა შემომთავაზა მას შემდეგ, რაც მათთან ეთერში სტუმრად ვიყავი. თავიდან ვფიქრობდი, ეკრანზე ხშირად გამოჩენამ ექიმის სახე არ დამაკარგვინოს-მეთქი. სინჯის ჩაწერაზე დამითანხმეს და კადრები რომ ვნახე, დავთანხმდი…

თქვენი პოპულარობის გამო და იმის გამოც, რომ კოვიდთან დაკავშირებით ერთ-ერთი პოპულარული რესპონდენტი იყავით, შური გიგრძნიათ კოლეგებისგან?

პირადად არა, მაგრამ კოვიდინფექციის პერიოდში ერთ-ერთმა კოლეგამ პოსტი დაწერა, დაილია ამ ქვეყანაში ინფექციონისტი, ალერგოლოგი რომ არ საუბრობდეს ამდენსო? მინიშნება გავიგე, თუმცა კოვიდთან მიმართებაში ჩემს აქტიურობას განვიხილავდი, როგორც სრულად დამოუკიდებელი ექიმის გამოსვლებს, ინფორმაციულსა და ობიექტურს. შემდეგ „რუსთავი 2“-მა ცალკე მიუძღვნა პანდემიას გადაცემა, სადაც მარტივად ვახსენებდით ადამიანებს რეკომენდაციებს.

ვფიქრობ, ბევრი ჰობი გაქვთ და ინტერესიანი ადამიანი ხართ…

სხვათა შორის, არა. ინტროვენტი ვარ. ვებრძვი თავს და ვაძალებ, რომ წავიდე იქ, სადაც მპატიჟებენ, მიჭირს სოციალიზაცია. კომფორტულად ვგრძნობ თავს სახლში, მარტო, როცა რაღაცას ვკითხულობ. გამოკვეთილი ჰობი არ მაქვს. ჰობის თუ დავარქმევთ მოგზაურობაში წასვლის აკვიატებულ და დაუძლეველ სურვილს, არ ვიცი, მაგრამ სხვა ქვეყანაშიც დიდხანს არ მიყვარს გაჩერება. სულ ვამბობ, საკუთარი ბალიში მენატრება-მეთქი.

როგორც ჩანს, არ გიყვართ უკვე ჩამოყალიბებული რუტინის შეცვლა.  როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც თქვენ გვერდით იქნება?

საპირისპირო სქესი არ მომწონს, თუკი სფეროში, სადაც მოღვაწეობს, წარმატებული არაა. მსიამოვნებს და მიზიდულობას მიჩენს, თუკი ლიდერია იმაში, რასაც აკეთებს. ეს არის ძირითადი კრიტერიუმი. თან, ეს წარმატებაც მაშინ მომწონს, თუკი ჩემი გზა გაიარა, არა მემკვიდრეობით მიიღო, არამედ თავისით მიაღწია. გარეგნობა შემდეგ საფეხურზეა. შეიძლება, ვიზუალურად საოცრება იყოს, მაგრამ თუკი მის უკან არაფერია, არ დამაინტერესებს.

მინდა გკითხოთ იმიჯზე. მგონია, რომ შოპინგი გიყვართ.

ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ?!. კი, მიყვარს შოპინგი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძირითადად გარდერობს ვამდიდრებ ხარისხიანი, ბრენდული ნივთებით. მირჩევნია, მქონდეს ცოტა და ხარისხიანი. სულ შეიძლება ორი პიჯაკი და სამი პერანგი მქონდეს, მაგრამ კარგი უნდა იყოს. როცა ამის საშუალება მაქვს, საზღვარგარეთ ვყიდულობ სამოსს.

ბევრჯერ ახსენეთ, რომ ყველაფერს თქვენით მიაღწიეთ. დღეს საკუთარი თავით ამაყობთ?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მშობლები და 90 წლის ბებია ამაყობენ ჩემით. დედა ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსია. თუკი რამე არ მოსწონს, აუცილებლად მეუბნება. შენიშვნების გამო ზოგჯერ ორი დღე ისე გასულა, რომ არ დამირეკავს, მაგრამ მერე წყენა გადამივლის ხოლმე. მამაჩემი და ბებია უფრო მეტად მეუბნებიან იმას, რაც მოსწონთ… ბებია მთხოვს, რომ მასთან ხშირად ჩავიდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მანქანა მყავს, ხშირად ვერ ვსტუმრობ. ზოგჯერ მეუბნება ხოლმე, დატოვე მანქანა და რომ არ დაიღალო, სამარშრუტო ტაქსით წამოდიო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ასე გავემგზავრო. ვფიქრობ, ასეთი მცირე დეტალები ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა, მაგრამ ზოგადად არ შევცვლილვარ.

ბოლო დროს მსმენია, ზოგ პაციენტს უთქვამს, მალე გამოგვიშვაო, არადა, გამოცდილებამ მოიტანა, რომ უფრო ნაკლები დრო მჭირდება პაციენტთან საურთიერთოდ იმისთვის, რომ ჩემთვის საჭირო ინფორმაცია შევკრიბო. ეს რომ გავიგე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ისევ ვცდილობ, პაცეინტებთან მეტი დრო გავატარო. არ მინდა, რომ შევიცვალო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „შუშაბანდი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g