LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია მეტრეველისა და როვშან ასკეროვის დაპირისპირების დეტალები – „ამ შემთხვევის შემდეგ მისი გუნდი დავტოვე“

610

ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც ასახულია ბაქოში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის“? ფინალური ეტაპი. წამყვანმა, გუნდის დამარცხების მიუხედავად, „ვერცხლის ბუს“ ია მეტრეველისთვის გადაცემა გადაწყვიტა. ამას კი მისივე გუნდის კაპიტანი, როვშან ასკეროვი შეეწინააღმდეგა. ია მის გუნდში თამაშობდა ბაქოს შეკრებებზე. სკანდალური ეთერის შემდეგ, როგორც fortuna.ge-მ ექსკლუზიურად შეიტყო, ია მეტრეველმა როვშან ასკეროვის გუნდი დატოვა…

ია მეტრეველს ჩვენი საიტი კომენტარისთვის დაუკავშირდა.

ია:

ეს თამაში იყო გასული წლის დეკემბერში და ახლა გავრცელდა, ასე რომ, ჩემი ემოციები უკვე ჩამცხრალია. ეს გახლდათ ზამთრის სეზონის ფინალური თამაში, რომელიც გუნდის კაპიტნის შეცდომების გამო წავაგეთ. მისი ბრალი იყო. იმ თამაშზე უკვე ძალიან ცუდი ემოციები მქონდა, რადგან ჩვენ მრავალსაფეხურიანი კონფლიქტი გვაკავშირებდა. ის დაიწყო მოსკოვში, სადაც მე სხვა გუნდში ვთამაშობდი, როვშან ასკეროვი კი დარბაზში იყო. როდესაც ერთ-ერთ კითხვას ვუპასუხე, მან თქვა, რომ ის არ უნდა ჩაეთვალათ, რადგან დარბაზიდან მინიშნება მივიღე. არადა, მე არაფერი გამიგია. საუბარი იყო ანდრეი კოზლოვზე, რომელმაც სწორი პასუხი თქვა, მაგრამ მე ნამდვილად არაფერი გამიგია, ის ჩემ ზურგს უკან იდგა… ასკეროვმა აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო, ამ კითხვაზე პასუხი გამეცა, არადა, ჩვენ წლებია ერთად ვთამაშობთ და ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, როცა წამყვანმა კითხვა გაიმეორა, ზუსტად იმ მომენტში გამიჩნდა სწორი პასუხი და ასე ხშირად ხდება ხოლმე (იღიმის).

ბაქოში ჩასვლამდე გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუკი როვშანი ასე გააგრძელებდა მოქცევას, მის გუნდს დავტოვებდი… საქმე ისაა, რომ თამაშის დროს ბევრი ვერსია მაქვს ხოლმე, მათ შორის სწორი და როვშანი ჩემს ვერსიებს იგნორირებას უკეთებდა. ბაქოში ფინალურ შეკითხვაზე სწორი ვერსია მქონდა, მისი იგნორირების გამო კი ჩვენ წავაგეთ… როვშანის გუნდში რვა წელი ვთამაშობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან რთული რვა წელი (იღიმის). როცა წამყვანმა გამოაცხადა, რომ „ვერცხლის ბუს“ გადმოცემა სურდა ჩემთვის, გასული წლების თამაშებიდან გამომდინარე, როვშანმა ეს გააპროტესტა და თქვა, რომ ჩვენ წავაგეთ ის თამაში. წამყვანმა განაცხადა, რომ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ის აფასებდა წლების განმავლობაში ჩემს თამაშს.

თამაშის მერე იქ კიდევ იყო უფრო ემოციური ლაპარაკი ჩემსა და ასკეროვს შორის. ეს იყო ბოლო წვეთი, ამის შემდეგ მის გუნდში თამაში აღარ მინდოდა და სხვაგან გადავედი…

რას მიაწერთ მის ასეთ საქციელს, პიროვნულ ფაქტორს?

არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნერვიულობისას ცოტა არაადეკვატურად იქცევა ხოლმე. როცა მშვიდად არის, აბსოლუტურად ნორმალური ადამიანია… შეიძლება, იყო პიროვნული მომენტიც, ვერ გეტყვით…

ასეთი ინტრიგები ხშირად არის თქვენს კლუბში?

სხვადასხვა კონფლიქტი, როგორც ნებისმიერ კოლექტივში, აქაც არის ხანდახან, მაგრამ როვშან ასკეროვი არის უმეტესი კონფლიქტების მონაწილე, ის ძალიან რთული ადამიანია. ქართულ კლუბში ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა.

ახლაც ორ გუნდში თამაშობთ?

მოსკოვსა და ბაქოში, სხვადასხვა გუნდში ვთამაშობ. უფრო ხშირად მოსკოვში, რადგან ბაქოში ცოტა იშვიათად ტარდება თამაშები.

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=nzxj0B50qIc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g