LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ ვნახავ, ვკითხავ რატომ წავიდა” – სად შეიძლება იყოს სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია

1118
BeFunky-collage (4)

სვანეთში დაკარგულ არასრულწლოვან ილია ფილფანს უკვე მე-10 დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ქაშვეთში მოზარდი ბოლოს 18 ივლისს ნახეს, როდესაც ის სახლიდან გავიდა და მისი კვალი შემდეგ იკარგება. ილიას მშობელი ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების არანაირი ვერსია არ გააჩნია. მისი განმარტებით, ბავშვი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას იყოს, ამიტომ ძებნა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. დაკარგული ბავშვის მამის თქმით, სამძობრო სამუშაოებში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოც არის ჩართული.

“დაკარგვის არანაირი ვერსია არ მაქვს, არ ვიცი სად არის, ის შეიძლება ყველგან იყოს, ამიტომ არ ვწყვეტთ ძებნას. გვეხმარება ყველა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, ადგილობრივი მოსახლეობა, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო. ვეძებთ ყველგან, ზღვის სანაპიროებზე, ქუჩებში. რატომ წავიდა გაუფრთხილებლად? რომ ვნახავ ვკითხავ!” – აცხადებს დათო ფილფანი “ფორტუნასთან.”

ტერიტორიული ერთეულში მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხელჩასაჭიდი ვერსია არ არსებობს. მურთაზ გულედანის თქმით, სამძებრო სამუშაოები არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა და მასში მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე მოხალისეები. ამ დროისათვის დაკარგულ ბავშვს 50-ზე მეტი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, პატრული და რამდენიმე ათეული მოხალისე ეძებს. მოზარდს ეძებენ საზღვაო საკურორტო ზონებშიც.

“ყველა სტრუქტურა დღემდე ჩართულია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ხელჩასაჭიდი არანაირი ვერსია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ბავშვი სახლიდან გავიდა და გზაზე იკარგება კვალი. ვეძებთ ყველგან. ზღვის სანაპიროებზე – ანაკლიაში, ფოთში, ბათუმში. ბავშვის დედა ჩამოვიდა დუბაიდან და ამბობს, ჩემს ხმას რომ გაიგებს, გამოჩნდებაო. ფიქრობს შესაძლებელია ურეკში იყოს”, – აცხადებს მურთაზ გულედანი.

სვანეთში 13 წლის ბიჭი დაიკარგა

მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ფილფანის ოჯახი გასული წლის ოქტომბერში ჩამოვიდა მამა-პაპისეულ სახლში, სოფელ ქაშვეთში. კორონავირუსის პანდემიის პირობებში მათ ვერ მოახერხეს ყაზახეთში დაბრუნება, სადაც ისინი უკვე მრავალია წელია ცხოვრობენ. გულედანის თქმით, დათო ფილფანი სოფელში ახალი სახლის მშენებლობას აპირებდა და საძირკველის ჩასასხმელად ემზადებოდა. ადგილობრივები დაკარგული ბავშვის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და გამორიცხავენ ვერსიას, რომ ის შესაძლოა მშობელზე ნაწყენი წასულიყო სახლიდან.

13 წლის ილიას გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

პოპულარულები