ცოტა ხნის წინ ელენის, როგორც შოუს მასპინძლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც წარსულმა და მოქმედმა თანამშრომლებმა ცნობილი ტელეწამყვანი და სხვა პროდუსერები შოუზე მუშაობის პროცესში ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არაერთხელ გახდნენ ბულინგის და რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის მსხვერპლი შოუს სხვა პროდუსერების და თავად ელენისგან, რომელიც ერთდროულად შოუს წამყვანი და მთავარი პროდუსერია.. ვრცელდებოდა ხმები იმაზეც, რომ დეჯენერესს მომდევნო სეზონიდან რომელიმე ვარსკვლავი, მაგალითად ჯენიფერ ენისტონი, შონ ჰეიესი, მელისა მაკკარტი ან კრისტენ ბელი შეცვლიდა. თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებების მთავარი ადრესატი ელენი არ არის.
შემოქმედებითმა ჯგუფმა შოუზე მუშაობა ორშაბათს განაახლა, თუმცა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო ისინი დისტანციურად, სახლიდან მუშაობენ. მე-18 სეზონიდან შოუ ეთერში ახალი სლოგანით, „იყავი კეთილი“ გავა.
სკანდალური საქმე კი ჯერჯერობით დახურული არ არის. ყოფილი თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.
ელენ დეჯენერესს ცნობილი დღის შოუ 2003 წლიდან მიჰყავს. სადებიუტო გადაცემა ეთერში 2003 წლის 8 სექტემბერს გავიდა, მის თითოეულ ეპიზოდს კი პირდაპირ ეთერში საშუალოდ 4.2 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.