LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელიტის ფოტოების ავთენტურობაზე ეჭვი არსებობს – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

307
BeFunky-collage - 2020-09-09T143346.563

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც უწყება ეჭვს გამოთქვამს, გუშინ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებული ფოტომასალის ავთენტურობაზე. საქმე ეხება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, სადაც გამოძიების ინფორმაციით 19- და 20 ივლისს გარდაცვლილის ავტომობილი მაწევანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რამიშვილის მიერ მოპოვებული სატელიტის ფოტოების მიხედვით კი აღნიშნული მანქანა იმავე ტერიტორიაზე არ შეინიშნება.

23 წლის პროგრამისტის ოჯახის უფლებადამცველი დღეს საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებაზე. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი არსებობს, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

„სატელიტის კადრების მიხედვით, 19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას“ – მიხეილ რამიშვილი

“ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა.

საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.

მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2 ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g